საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით გამოცხადდა კონკურსი „იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის“ მოსაპოვებლად.
კონკურსის პირობებსა და ვადებზე კულტურის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და სსიპ ,,შემოქმედებითი საქართველოს“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე გრიგალაშვილმა ისაუბრეს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, კონკურსის მიზანია საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ლიტერატურული პროცესების განვითარება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს) და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, გარდა ნომინაციისა „საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის“. ამ ნომინაციაში განაცხადის წარდგენის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს).
კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან რვა ნომინაციაში და გაიცემა 11 პრემია.
საკონკურსო ნომინაციებია:
1.საუკეთესო პოეტური კრებული;
2.საუკეთესო პროზაული კრებული (გაიცემა სამი პრემია);
ა) ყველაზე პატარებისთვის, 3-6 წელი;
ბ) პატარებისთვის, 7-12 წელი;
გ) ყმაწვილებისთვის, 13 +;
3.საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი (გაიცემა ორი პრემია);
ა) ყველაზე პატარებისთვის, 3-6 წელი;
ბ) პატარებისთვის, 7-12 წელი;
4.საუკეთესო საბავშვო დრამატურგია;
5.საუკეთესო დებიუტი;
6.საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო კრებული;
7.საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი;
8.საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის.
თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა არის 5000 ლარი (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა 2023 წლის 14 მარტიდან 2023 წლის 28 აპრილის 18:00 საათამდე საკონკურსოდ უნდა წარმოადგინოს მხოლოდ 2022 წელს წიგნად გამოცემული ნაწარმოებები, როგორც ელექტრონული ფორმით, ისე - ნაბეჭდი წიგნის სახით სამ ეგზემპლარად სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ოფისში (მისამართი: ვ. დოლიძის ქ. #28), ხოლო ნომინაციებში „საუკეთესო საბავშვო დრამატურგია“ და „საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი“ კონკურსანტს შესაძლებლობა ექნება, გამოგზავნოს პიესებისა და ინოვაციური პროექტების მხოლოდ ელექტრონული ვერსიები. ელფოსტის მისამართია - docs@creativegeorgia.ge .
საკონკურსო ნაწარმოებები ნაბეჭდი წიგნის სახით სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ოფისში მიიღება საკონკურსო განცხადებების მიღების ვადის დასრულებამდე ყოველ პარასკევს, 15:00 საათიდან 17:00 საათამდე.
კონკურსთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტით - ngadilia@creativegeorgia.ge ან ტელეფონით - +995555 383029.
ლიტერატურული კონკურსი „იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის“ მოსაპოვებლად საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით, მესამე წელია, იმართება და წლიდან წლამდე მისდამი ინტერესი იზრდება.
2022 წელს კონკურსში მონაწილეობისთვის „შემოქმედებით საქართველოს“ 50-მა განმცხადებელმა მიმართა, 2021 წელს - 37-მა. გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას, ტრადიციულად, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი მასპინძლობს.
საკონკურსო პირობები და ფორმულარები იხილეთ ბმულზე: https://cutt.ly/R85TIhL