რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტში კიდევ უფრო ჩარევა აშშ-ის ინტერესებში არ არის. როგორც BBC წერს, ასე მიიჩნევს ფლორიდის შტატის გუბერნატორი, რონ დესანტისი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.
როგორც საზოგადოებრივი კვლევის შედეგები აჩვენებს, დესანტისი 2024 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპის მთავარ მეტოქედ მოიაზრება.
რესპუბლიკელი კანდიდატებისთვის განკუთვნილი კითხვარის პასუხები Fox News-ის ტელეწამყვანმა, ტაკერ კარლსონმა „ტვიტერში“ გამოაქვეყნა. ერთ-ერთი კითხვა უკრაინაში მიმდინარე ომს ეხებოდა, რაზეც ფლორიდის გუბერნატორის პასუხი ასეთი იყო:
„მაშინ, როდესაც აშშ-ს აქვს მრავალი სასიცოცხლო ეროვნული ინტერესი - ჩვენი საზღვრების დაცვა, ჩვენი შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის კრიზისის გადალახვა, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის მიღწევა, ასევე ჩინეთის კომუნისტური პარტიის ეკონომიკური, კულტურული და სამხედრო ძალის გამოწვევა - უკრაინასა და რუსეთს შორის ტერიტორიულ დავაში კიდევ უფრო ჩართვა არ არის ერთ-ერთი მათგანი“.