"წინა დღეებში განვითარებული რადიკალიზმი და ექსტრემიზმი წარმოშობს ისევ რადიკალიზმს. დღეს ვიხილეთ საშინელი ფაქტი - ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. ფაქტობრივად, საქართველოს ევროინტეგრაციისადმი მისწრაფების სურვილი ფეხქვეშ გათელეს. ეს იყო რადიკალიზმზე რადიკალური პასუხი, რაც ასევე დაუშვებელია. რა თქმა უნდა, სამართალდამცველებს ამ ფაქტზე მყისიერი რეაგირება ჰქონდათ. სხვათა შორის, ჩვენ გავამკაცრეთ კანონმდებლობა იმისთვის, რომ მსგავსი ეროვნული სიმბოლიკები კანონის შესაბამისად იყოს დაცული და, რა თქმა უნდა, მომხდარსაც სამართლებრივი პასუხი გაეცემა, თუმცა, ფაქტი რჩება ფაქტად - ექსტრემიზმს ისევ ექსტრემიზმი მოჰყვა, "-აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი.
მისივე თქმით, საქართველოში, რადიკალური და ექსტრემისტული ძალების გავლენით, იქმნება სიტუაცია, რომლის მიზანიც დესტაბილიზაცია, ხელისუფლების შეცვლა და, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ომში ჩართვაა.
„საქართველოში მოწმე გავხდით საუკუნის პიართაღლითობის - ფარისევლობაზე აგებული უზარმაზარი პიარკამპანია ჩატარდა, რომლის ერთადერთი სლოგანი იყო - „არა რუსულ კანონს“. ამაზე წამოეგო არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობა, არამედ საზოგადოების საკმაოდ თვალსაჩინო, ღირსეული წარმომადგენლებიც.
ფარად დაიყენეს 15-17 წლის ახალგაზრდები, რომ თავიანთი ბნელი ზრახვები შეესრულებინათ, მომხდარიყო ქვეყანაში არეულობა და ეს ახალგაზრდები მსხვერპლად უნდა შეეწირათ თავიანთი ინტერესებისთვის, რასაც წარმოადგენდა ხელისუფლების დამხობა, ძალაუფლების მოპოვება და ქვეყნის ომში ჩართვა, რაც ჩვენს ქვეყანას გაანადგურებდა... საქართველო საერთოდ აღარ იარსებებდა...
ამ პიართაღლითობის შემადგენელი მეორე, დიდი ნაწილი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და რომელიც, სამწუხაროდ, განვითარდა საქართველოში, არის, ნეოლიბერალისტური ფაშიზმი - იმის ნაცვლად, რომ მასწავლებელმა მოსწავლეებს აუხსნას, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული, ემპათია, კრიტიკული აზრი და ასე შემდეგ, ვნახეთ, რომ მასწავლებელმა, ყოველგვარი განსჯის გარეშე გამოაქვეყნა პოსტი და ამ პოსტის საფუძველზე პატარა ბავშვი თანაკლასელებმა „დააბულინგეს“.
აღარ ვისაუბრებ იმ გაუგონარ „ბულინგზე“, რომელსაც ჩვენ, ჩვენი ოჯახის წევრები და მომხრეები განვიცდით. ეს მასობრივი ფაშიზმია და, სხვათა შორის, ფაშიზმი ევროპამ თავის დროზე დაამარცხა, ევროპა ამის მომხრე არაა. ამის გაბატონება საქართველოში სწორედ იმ რადიკალური და ექსტრემისტული ნაწილის მიზანია, რომელსაც ქვეყნის განადგურება და ომში ჩართვა სურს!
ახლა კი, იმის ნაცვლად რომ საზოგადოების ნაწილმა, რომელმაც დაინახა, რომ რეალურად შეცდა, უკან დაიხიოს და გაჩუმდეს მაინც, საუკეთესო შემთხვევაში, თუ ბოდიშის მოხდის სიმამაცე და მხნეობა არ ჰყოფნის, ახალ ცრუ ნარატივებს და სისულელეებს იგონებს, რომ საზოგადოებაში ეს განხეთქილება რამენაირად შეინარჩუნოს და კიდევ ახალ რადიკალიზმს, ექსტრემიზმს დაუდოს სათავე“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.