ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველი დირექტორი მიხაელ ზიბერტი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირში მხოლოდ დისკუსია მიმდინარეობს, რომლებიც არა არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ ლობიზმის რეგულირებას შეეხება. ამ თემაზე მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„მესმის, რომ აქ ეს დებატების საგანია, რადგან თქვენ მხოლოდ გასულ კვირას გქონდათ ეპიზოდი კანონზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობის რეგულირებასთან იყო დაკავშირებული. საბედნიეროდ, ის უკვე გაიწვიეს. თქვენ რასაც გულისხმობთ, სრულიად განსხვავებული რამ არის. ეს არ არის კანონი, არც კანონპროექტი, ეს არის დისკუსიის საწყისი ეტაპი ევროკავშირის ფარგლებში დაინტერესებულ მხარეებს შორის. ის არ მოიცავს არასამთავრობო ორგანიზაციების რეგულირებას, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილია და რომელთა ხელშეწყობაც გვსურს. გვსურს, რომ ის ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების შემადგენელი ნაწილი იყოს. არა, ჩვენ ლობიზმის უფრო ახლო ჭრილიდან შეხედვა გვსურს, ინსტიტუტების, რომლებიც უცხოური მთავრობებისთვის მუშაობენ. ეს არ გულისხმობს მათ აკრძალვას“, - განაცხადა ზიბერტმა.
Politico სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირი უცხოური გავლენების გამჭვირვალობის ინიციატივას მაისის ბოლოს დოკუმენტად აქცევს. გამოცემა აღნიშნავს, რომ პროცესი დროში უხერხულად ემთხვევა საქართველოში საპროტესტო გამოსვლებს.