მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ (FIFA) 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ახალი ფორმატი დაამტკიცა. ინფორმაცია ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ახალი ფორმატის მიხედვით, ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე მონაწილეობას მიიღებს 48 გუნდი - ისინი ოთხი გუნდისგან შემდგარ 12 ჯგუფში გადანაწილდება. ჯგუფებში პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდები პლეიოფის საგზურს მოიპოვებენ. პლეიოფში ასევე მოხვდება 8 საუკეთესო მესამეადგილოსანი. შესაბამისად, პლეიოფის ეტაპი 1/16-ფინალის სტადიიდან დაიწყება.
საერთო ჯამში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 39 დღეს გასტანს - ამ დროის განმავლობაში 104 მატჩი გაიმართება.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს სამი ქვეყანა: აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ.