logo_geo
eng_logo
ორი ქართველი პროკურორი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ერთწლიანი სამუშაო მივლინებით გაემგზავრა
- +

31 აგვისტო. 2016. 14:08



იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ორი ქართველი პროკურორი ერთწლიანი სამუშაო მივლინებით გაემგზავრა.


თეა წულუკიანის მიერ 2016 წლის იანვარში დაწყებული მოლაპარაკების შედეგად სტრასბურგის სასამართლოსთან მიმდინარე წლის 21 ივლისს ხელი მოეწერა მემორანდუმებს სასამართლოში ქართველ პროკურორთა მივლინების შესახებ. თუკი ამ დრომდე მსგავსი სახის პროგრამაში მონაწილეობა მხოლოდ მოსამართლეებისთვის იყო ღია, მინისტრის პრიორიტეტია, რომ ამიერიდან მასში ქართველ პროკურორებსაც შეეძლოთ მონაწილეობა.


„მივლინების მიზანია, თანამშრომელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების გზით საქართველოს პროკურატურის ორგანოების ინსტიტუციური გაძლიერება და პროკურორთა საქმიანობაში ევროპული სტანდარტების დანერგვა", - აცხადებს თეა წულუკიანი.


კანდიდატები საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ჩატარებული კონკურსის საფუძველზე მიმდინარე წლის გაზაფხულზე შეირჩნენ. კონკურსის პირველ ეტაპზე მათ გაიარეს ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტირება ბრიტანეთის საბჭოს APTIS ტესტით, ხოლო მეორე ეტაპზე გადასულ საუკეთესო 5 კანდიდატს 18-19 აპრილს ჩაუტარდა გასაუბრება, შემოწმდა მათი ცოდნის დონე ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალში. 2016 წლის 27 აპრილს 2 კანდიდატი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს წარედგინა.


კონკურსის შედეგად, გენდერული ბალანსის დაცვით, ორი კანდიდატი შეირჩა: საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი თამარ ზუბაშვილი და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვაჟა მჭედლიშვილი. ორივე მათგანი მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მივლინების ფარგლებში მუშაობს იწყებს.


გადამზადებული პროკურორები მიღებულ გამოცდილებას საქართველოს პროკურატურის ორგანოების მუშაობის ეფექტიანობის გაუმჯობესებისთვის გამოიყენებენ, სადაც კონკურსის პირობების თანახმად, სულ მცირე, მომდევნო ორი წლის განმავლობაში გააგრძელებენ საქმიანობას.

 

„მჯერა, რომ პროკურატურის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ასეთი პროექტების დაფინანსების საქმეში, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მსგავსად, დონორი ორგანიზაციები ჩაერთვებიან; ამ ეტაპზე კი, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ შესაძლებელი გახდა მხოლოდ ორი პროკურორის მივლინების, საცხოვრებელი და სხვა ყოფითი ხარჯების ფინანსური უზრუნველყოფა (132 326 ლარი), რაც პირველი წინ გადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით. ეს პროექტი პროკურატურის რეფორმის პროცესის ნაწილია. თუკი ორი პროკურორი წარმატებით გაართმევს თავს სტრასბურგის სასამართლოში მუშაობას, ისინი ცოდნის გასაღრმავებლად გზას გაუხსნიან თავიანთ კოლეგებს, რათა ისარგებლონ მსგავსი ტიპის მივლინებით", - აცხადებს თეა წულუკიანი.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner