„აბსოლუტური ამორალურობაა, რომ ასეთ აქტივობაში საკუთარ აქტივისტს ფული მისცე. ამ ამორალურობას მეტ ამორალურობის ხარისხს ამატებენ, რომ ხელში კი არ აძლევენ ამ ფულს, ურიცხავენ, რომ მობმული ჰყავდეთ ვიღაც, ჩარიცხვის მტკიცებულება გააჩინონ, რომ ნებისმიერ დროს დააშანტაჟონ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტებზე კონკრეტული განცხადებების სანაცვლოდ თანხის ჩარიცხვის ფაქტი ფიქსირდება.
ამ საკითხთან დაკავშირებით მდინარაძე აღნიშნავს, რომ თუ მართლები არიან მათ შეუძლიათ გამოაქვეყნონ ამონაწერები და იქ არაფერი რომ არ იქნება მარტივად დადასტურდება, რომ ეს ამბავი ტყუილია, მაგრამ იმიტომ დასჭირდათ ახალგაზრდების მხრიდან იმ მესიჯის გახმოვანება, რომ ეტყობა ეს სიმართლეა.
„თუ არ ვცდები, 3 დღის წინ გავრცელდა ამბები იმის შესახებ, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები სტუდენტებს კონკრეტულ თანხას ურიცხავენ განცხადების გაკეთებაში და ეს ინფორმაცია თავად „ნაცმოძრაობიდან“ იყო გასული. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში აყენებენ სტუდენტებს. დაანებონ ამ ხალხს თავი, ნუ ურიცხავენ თანხებს და ნუ აყენებენ იმ მდგომარეობაში, რომ ახლა იმ ახალგაზრდებს უწევთ თავის მართლება, რომ - ჩემი პერსონალური მონაცემებია, არ გამოვაქვეყნებ, ამ ამბავში ფული არ ამიღია, დედას გეფიცებით, დაარწმუნონ, რომ განცხადებას და აქტიურობას ვაკეთებ არა ფულით, არამედ ჩემი რწმენით. ეს რომ სიმართლე არ იყოს, გამოაქვეყნებდა, ეს ბუნებრივი ამბავია. თუ მართლები არიან, მათ შეუძლიათ გამოაქვეყნონ ამონაწერები და იქ არაფერი რომ არ იქნება, მარტივად დადასტურდება, რომ ეს ამბავი ტყუილია, მაგრამ იმიტომ დასჭირდათ ამ ახალგაზრდების მხრიდან იმ მესიჯის გახმოვანება, რომ ეტყობა, ეს სიმართლეა. ეს მხოლოდ ვარაუდია, სხვა შემთხვევაში რა თანხების გადარიცხვები უნდა ჰქონდეთ ისეთი, რომ სხვა პერსონალურ ინტერესს შეეხოს, ხომ გამორიცხული ამბავია, მაგრამ რა მდგომარეობაში აყენებენ საკუთარ მომხრეებს და აქტივისტებს, სპეციალურად ურიცხავენ თანხებს, რომ რაღაც კომპრომატი ჰქონდეთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.