logo_geo
eng_logo
ცესკოს თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა
- +

15 მარტი. 2023. 23:00

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, ევროპის საბჭოს პროგრამების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელს, კლაუს ნეუკირხს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო. შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა და მას ასევე ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ნატალია ვუტოვა, ევროპის საბჭოს ოფიცერი საქართველოში ტობია ფიორილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საბჭოს სამმართველოს უფროსი ანა დობორჯგინიძე და ცესკოს საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე.

საარჩევნო რეფორმა, 29 აპრილს გასამართი შუალედური/რიგგარეშე არჩევნები, მზადება 2024 წლის არჩევნებისთვის, ევროპის საბჭოსა და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლობის გაღრმავება - ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომელზეც დღეს იმსჯელეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, მხარეებმა ასევე ისაუბრეს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულების თემაზეც.

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო რომ ევროპის საბჭო საარჩევნო ადმინისტრაციის მნიშვნელოვანი სართაშორისო პარტნიორია და მინდა მადლობა ვუთხრა მათ საარჩევნო პროცესებში გაწეული მხარდაჭერისთვის. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ ბოლო პერიოდში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის ეფექტიან აღსრულებაზე და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის გეგმებზე. ასევე მივაწოდე ინფორმაცია 29 აპრილის არჩევნებისთვის მზადებისა და მნიშვნელობის თაობაზე. რა თქმა უნდა, აღვნიშნე, რომ ეს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები არის ერთგვარი გენერალური რეპეტიცია 2024 წლის არჩევნებისთვის. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, ჩართულ მხარეებთან ერთად, პრაქტიკაში ვნახოთ ტექნოლოგიების გამოყენების დადებითი მხარეები, გამოწვევები და მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება 2024 წლის არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში. შეხვედრის მონაწილეებს ასევე გავაცანი ცესკოს გადაწყვეტილება საარჩევნო უბნების საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით, რაც ხელს უწყობს ჩართულ მხარეებს წელიწადნახევრით ადრე დაიწყონ მზადება 2024 წლის არჩევნებისთვის“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, მხარეებმა ისაუბრეს საარჩევნო ადმინისტრაციის იმ საჭიროებების შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობა და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რაც ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის ზრდას, ადმინისტრაციის საქმიანობის განვითარებას.

ცესკოსა და ევროპის საბჭოს ხანგრძლივი და წარმატებული თანამშრომლობის შესახებ გიორგი კალანდარიშვილმა 14 მარტს გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა. საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის მმართველი კომიტეტის შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარე სწავლების ცენტრის დირექტორ ნათია ზაალიშვილთან ერთად დაესწრო. გიორგი კალანდარიშვილმა სიტყვით გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა საარჩევნო ადმინისტრაციის იმ მიღწევების, საქმიანობისა და პროექტების შესახებ, რომელიც ევროსაბჭოს მხარდაჭერით განხორციელდა. ასევე იმ მიმართულებებზე, რომლებიც 2024-2027 წლებისთვის არის განსაზღვრული.

right_banner right_banner
არქივი
right_banner