სახელმწიფოს ჰქონდა სრული რესურსი, იმისთვის რომ გაეგრძელებინა პროცესი. ჩვენ შეგვეძლო ამ კანონის მიღება. ზუსტად მაშინ გამოვიხმეთ ეს კანონი, როდესაც სახელმწიფომ თავისი რესურსი აჩვენა, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, სახელმწიფო თავის რესურსს აჩვენებდა, როდესაც მომიტინგეების წინააღმდეგ მინიმალური ზომები, პროპორციული ძალა გამოიყენა, იმის მიუხედავად, რომ სამართალდამცველების წინააღმდეგ ძალიან უხეში, სრულიად არაევროპულ ძალადობა იყო.
„ზუსტად იმ მომენტში გამოიხმო ხელისუფლებამ კანონპროექტი, როდესაც ყველას აჩვენა, რომ პროცესების მართვის შესაძლებლობა ჰქონდა. მიზეზი იყო ერთადერთი - არსებობდა მძიმე პროვოკაციების მოწყობის რისკი მეორე მხრიდან, რასაც შეიძლებოდა რისკის ქვეშ დაეყენებინა თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ჩვენ ეს არ დავუშვით“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე, თქმით, ამ პროცესმა ბოლომდე გაშიფრა ის ექსტრემისტული ხაზი, რომელიც მომზადებული იყო რევოლუციური გეგმებისთვის და აქაც გამოჩნდა, რომ ეს ხაზი მაინც და მაინც ძლიერი არ არის. კობახიძე მიიჩნევს, რომ რევოლუციური გეგმა ასედაც და ისედაც ჩავარდებოდა.