„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებას ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
„2007 წლის დასაწყისში შედგა ამერიკელი დიპლომატების შეხვედრები შსს-ს იმჟამინდელ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან. ამ შეხვედრებზე აშშ-ის ელჩი საქართველოში, ჯონ ტეფტი, არწმუნებდა ქართველ მინისტრს, რომ მის ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში მზადყოფნას გამოთქვამს ქართულ მხარესთან სერიოზულ დათმობებზე წასვლისა და მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე. მერაბიშვილი მაშინ შეეცადა, დაერწმუნებინა ელჩი სრულიად საწინააღმდეგო ვითარებაში, დაახასიათა ბაღაფში როგორც ლოთი, ტიპიური საბჭოური ყაიდის კორუფციონერი და რუსეთზე 100%-ით ორიენტირებული პიროვნება. WikiLeaks-ის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტების მიხედვით, ამერიკელი პარტნიორების მიერ მერაბიშვილის სიტუაციის ადექვატურად შეფასების შესაძლებლობებში ეჭვებს სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ეჭვები გაამყარა მეთიუ ბრაიზამაც, რომელიც იმ პერიოდში იკავებდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თანამდებობას კავკასიის საკითხებში.
როდესაც 2008 წლის მაისში, მეთიუ ბრაიზა იმყოფებოდა სოხუმში და ხანგრძლივი შეხვედრები ჰქონდა სერგეი ბაღაფშთან - თბილისში დაბრუნებისას, მის ოპტიმიზმს საზღვარი არ ჰქონდა. მეთიუ ბრაიზამ ახარა ქართულ ხელისუფლებას, რომ აფხაზური მხარე მზადაა, აწარმოოს ქართველებთან სამოლაპარაკო პროცესი და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელმძღვანელების მიერ წამოყენებული წინასწარი პირობების თაობაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. ამჯერადაც, ქართულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა, რომ ამერიკელი მეგობრების ენთუზიაზმი ჩაეხშოთ. თითქოს და, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რა უნდა ყოფილიყო ქართული ხელისუფლებისათვის? ალბათ აგვისტოს ომის დაწყებამდე 3 კვირით ადრე საქართველოში ამჟამინდელი გერმანიის პრეზიდენტის, ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების სამეტაპობრივი გეგმით. გერმანელი დიპლომატი მაშინ აფხაზეთის ლიდერსაც შეხვდა. ესენი მართლა გაამთლიანებენ ქვეყანას - გაიფიქრეს სააკაშვილმა, მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა და სამხედრო ჯართის შესყიდვაზე როგორღა გავაპრავოთ ასობით გადახდილი მილიონები.
ასე დაიწყო აგვისტოს ტრაგედია. დღეს რომელმა ნორმალურმა ადამიანმა შეიძლება ამათი დაბრუნებული აფხაზეთი დაიჯეროს? ელემენტარულ კითხვაზე არა აქვთ პასუხი: რას გულისხმობენ რუსეთის დამარცხებაში და სად გადის უკრაინის გამარჯვება - სევასტოპოლზე, მოსკოვზე თუ კურილის კუნძულებზე? წარმატება მინდა ვუსურვო აგვისტოს ომის შემსწავლელ საპარლამენტო კომისიას - ქვეყნის დამნაშავეთა ადგილი ციხეში უნდა იყოს!!!“, - წერს დავით ქართველიშვილი.
ცნობისთვის, მერაბიშვილმა თქვა, რომ „უკრაინის გამარჯვებით, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ძალის გამოუყენებლად დავიბრუნებთ“.