დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე თავდაცვის ახალ კოდექსს ეხმაურება და ამბობს, რომ მიუხედავად დადებითი გამოხმაურებისა, ყოვლად გაუგებარი და მიუღებელია „გირჩის“ პოზიცია, რომელიც თავდაცვის კოდექსს აპროტესტებს.
მისი თქმით, დღეს ადამიანები, რომელთათვისაც უცხოა სიტყვა სამშობლო და პატრიოტიზმი, ერთის მხრივ საქართველოს ომში ჩართვას ცდილობენ, მეორეს მხრივ ქართული ჯარის გაძლიერებას, დასავლურ/ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის ზრდას აპროტესტებენ:
„თავდაცვის ახალი კოდექსი თავსებადია ნატოს სტანდარტებთან, ის სრულად პასუხობს თანამედროვე გაწვევებს. თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული თავდაცვის ახალი კოდექსი, დასავლური საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით შეიქმნა, თავდაცვის ახალი კოდექსი პროგრესული და ადამიანზე მორგებულია. ყველა წვევამდელი შეასრულებს მხოლოდ სამხედრო ფუნქციას და იმსახურებს თავდაცვის ძალებში; ნაცვლად მუნიციპალიტეტებისა, გაწვევის ორგანიზებას და ნატო-ს სტანდარტებით წვრთნას განახორციელებს მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო; ყველა წვევამდელი გაივლის ძირითად საწყის საბრძოლო მომზადებას (BCT) და შემდგომ წვრთნებს; არსებული 12-თვიანი სავალდებულო სამსახურის ვადა მნიშვნელოვნად მცირდება.
ახალი კოდექსით, სტუდენტებს, მხოლოდ მათი სურვილის შემთხვევაში, არდადეგების პერიოდში ან უქმე დღეების ხარჯზე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ: თუ სამხედრო წვრთნას გაივლიან ყოველწლიურად, ზაფხულში 1 თვის განმავლობაში, მომდევნო ოთხი წელი; იცვლება სამხედრო რეზერვის კონცეფცია, რომელიც ფართოვდება და სახელმწიფოს უკეთ მომზადებული, ძლიერი რეზერვისტთა ნაკადი ეყოლება. დაგეგმილია სხვადასხვა სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა და ა.შ.მნიშვნელოვანია, რომ ახალი თავდაცვის კოდექსს საქართველოში მოქმედმა სამხედრო ატაშეებმა მაღალი შეფასება მისცეს, ეს ის ხალხია, რომელიც ყველაზე უკეთ ერკვევა როგორც დასავლური ჯარის კონცეფციაში, ასევე სამხედრო საქმეში, აღნიშნულის გათვალისწინებით ორმაგად მნიშვნელოვანია, მათ მიერ გაკეთებული დადებითი შეფასება.
მიუხედავად დადებითი გამოხმაურებისა, ყოვლად გაუგებარი და მიუღებელია გირჩის პოზიცია, რომელიც თავდაცვის კოდექსს აპროტესტებს, ბოლო პერიოდში საქართველოში ახალი ტრენდი დამკვიდრდა, გააპროტესტე, ოღონდ არ წაიკითხო. მრჩება შთაბეჭდილება, რომ „გირჩი“ ახალ ტრენდს აჰყვა, არ წაუკითხავთ, მაგრამ აპროტესტებენ!შეგახსენებთ, გირჩის მიერ წარმოებული, პირდაპირ ვიტყვი, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, წვევამდელებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების შესაძლებლობას აძლევდა, რამაც ქვეყანას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. „გირჩის“ აფიორის შედეგად, ათობით ათასმა ახალგაზრდამ, თავი აარიდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს. დღეს ადამიანები, რომელთათვისაც უცხოა სიტყვა სამშობლო და პატრიოტიზმი, ერთის მხრივ საქართველოს ომში ჩართვას ცდილობენ, მეორეს მხრივ ქართული ჯარის გაძლიერებას, დასავლურ/ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის ზრდას აპროტესტებენ“, - წერს დავით ჩიხელიძე.