კახა კალაძემ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ გაწვეულ კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც დედაქალაქის მერმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება სწორი იყო.
„გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ ეს იყო სწორი, არანაირი კანონპროექტი და არანაირი გადაწყვეტილება, არანაირი პოლიტიკური თამაში არ ღირს იმად, რომ ვიღაცა ვიღაცას დაუპირისპირდეს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთ ადამიანსაც თმა არ ჩამოუვარდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორისწერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.
თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.
10 მარტს კი, პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.