საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, ე.წ. მყვინთავ მებრძოლთა კურსის ინსტრუქტორებს წვრთნების ჩატარების უფლებამოსილება არ ჰქონდათ.
„ეს არის ე.წ. მყვინთავ მებრძოლთა კურსები, რომელიც 2011 წლიდან ტარდება. ეს იყო ბოლო კურსი, რომელიც 15 ივნისიდან დაიწყო და სრულდებოდა 26 აგვისტოს. აღმოჩნდა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში არ იყო გაწერილი პროცედურები, თუ რის საფუძველზე უნდა მოხდეს წვრთნები. უცხოეთის ქვეყნებში, იქ, სადაც წვრთნები უკავშირდება ჯარისკაცის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, გარკვეულ საფრთხეს უქმნის მას, აუცილებელია ამ წესების არსებობა. რაც შეეხება მეორე ფაქტს, ინსტრუქტორებს, საქართველოში არ არსებობს სერტიფიცირებული ინსტრუქტორი, შესაბამისად, მათ არ ჰქონდათ უფლებამოსილება, როგორც ინსტრუქტორებს, ეს წვრთნები ჩაეტარებინათ. აქ იკვეთება დანაშაულის ნიშნები, თუ ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება. აქ ჩანს სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნები", - განაცხადა ლევან იზორიამ „TV პირველის" ეთერში, თუმცა მეტი კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.
მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტრო პროკურატურასთან თანამშრომლობს გამოძიების პროცესში და უახლოეს დღეებში ის თავის სამართლებრივ შეფასებას გააკეთებს.