logo_geo
eng_logo
დავით სონღულაშვილი: ჩემი ფესვები საქართველოშია გადგმული, სხვა ყველაფერი დამატებითია
- +

31 აგვისტო. 2016. 16:03


 

ლოჭინის ხევს კარგად ვიყავი გაცილებული, წყლით სავსე არხს რომ მოვკარი თვალი.

 

გაგანია გვალვით ხურვებაშეყრილ ამ გარემოში უიმედო პაციენტისთვის დონორის სისხლის გადასხვმასავით იყო.

 

საამქვეყნოდ მობრუნების იმედივით.

 

წყალი და სისხლი.

 

ამ ორი საწყისის ერთარსობის ღვთაებრივი მნიშვნელობა დასტურდება სახარებით: იესო ქრისტე, ღვთის ძე, დედამიწაზე „მოვიდა წყლითა და სისხლით; მარტო წყლით კი არა, არამედ წყლითა და სისხლით" (იოანე. 5, 6). წყალი აქ ნათლობის წყალია, სისხლი - გოლგოთაზე ჯვარცმულის სისხლი.

 

ამასთან: „წყალი სიცოცხლეა, ბაღ-ვენახიცა და სათიბ-სახნავი" - დედამიწის ძარღვებში მოძრავი სისხლი. ეს - მატერიალისტური აღქმა ამ ორი სუბსტანციის.

 

ამ თემაზეც, როგორც დღევანდელი კახეთის ერთ-ერთ აქტუალურ სამეურნეო პრობლემაზე, ვისაუბრებთ გასული მარიამობის წინა დღეს გურჯაანში, საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად წამოყენებულ დავით სონღულაშვილთან.

 

სხვა პრობლემებზეც.

 

34 წლის ახალგაზრდა კაცთან.

 

მანამდე კი თავად წარმოგიდგენთ საკუთარ ბიოგრაფიას:


- დავამთავრე პირველი კლასიკური გიმნაზია. იმავე წელს, ანუ 2000 წელს ჩავირიცხე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მეორე კურსიდან სტუდენტების გაცვლითი პროგრამით 16 საუკეთესო სტუდენტი შეგვარჩიეს და ეკონომიკურ მეცნიერებათა კურსის მიზნობრივად შესასწავლად მანჩესტერის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში მიგვავლინეს.


იქიდან რომ ჩამოვედი, გამოცდები ჩავაბარე კავკასიის ბიზნესსკოლაში.


- და ორივე უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობდით?!


- დიახ. ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციები დილის საათებში ტარდებოდა, კავკასიის ბიზნესსკოლაში საღამოს შვიდის ნახევრიდან გვეწყებოდა სწავლა.


- გაგიძნელდათ?


- არა. როცა ინტერესი აქვს, სიძნელეებს, მოგეხსენებათ, ადვილად დაძლევს ადამიანი...


ბიზნესსკოლაში მესამე კურსზე რომ ვიყავი, ახლადგახსნილი ტელეკომპანიიდან „მზე" მოვიდა მოთხოვნა გაყიდვების მენეჯერზე და მე, როგორც წარმატებულ სტუდენტს, რეკომენდაცია გამიწიეს, დამეკავებინა ეს ვაკანტური ადგილი. ჩანს, მოეწონათ ჩემი კანდიდატურა და შევუდექი მუშაობას.


- სწავლობდით და პარალელურად მუშაობდით?


- დიახ, და ეს იყო 2003 წლის გაზაფხულის პირველი დღეები. ვაგრძელებდი სწავლას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტსა და კავკასიის ბიზნესსკოლაში, თან ვმუშაობდი „მზეში". 2004 წელს დავამთავრე ორივე სასწავლებელი.


იმავე წლის იანვარში ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა ჩემი ბავშვობის მეგობარი (ასაკით ჩემზე უფროსი) ირაკლი რეხვიაშვილი, რომელმაც თანაშემწედ გადასვლა შემომთავაზა. გადავედი. მომდევნო მინისტრმა უწყების ადმინისტრაციის უფროსად დამაწინაურა. ეს უკვე მაისის თვეა.


2004 წლის ბოლოს საქართველოში ჩამოვიდა ახალგაზრდა ბანკირთა ჯგუფი, რომელიც საზღვარგარეთ მოღვაწეობდა - ბატონები ლადო გურგენიძე და ირაკლი გილაური. ამ უკანასკნელთან ბავშვობის დროიდან ვმეგობრობდი, ბატონ ლადოს კი მანჩესტერში სწავლისას დავუახლოვდი.


ჩამოვიდნენ და შემომთავაზეს „საქართველოს ბანკში" შესყიდვების დეპარტამენტის უფროსად გადასვლა. ცხადია, დავთანხმდი და ამ თანამდებობაზე ორი წელიწადი ვიმუშავე. საინტერესო იყო ძალიან, რადგან სწორედ მაშინ განხორციელდა „ინტელექტბანკის", სადაზღვევო კომპანია „ალდაგი-ბისიაის", „თბილუნივერსალბანკის" და სხვა ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების შესყიდვა, ამ პროცესში აქტიურად ვიყავი ჩართული და დიდი გამოცდილებაც შევიძინე.


2006 წელს „საქართველოს ბანკმა" დაიწყო სტუდენტური სესხების გაცემა, და ჩემი მუშაობის დაფასება იყო, როცა პირველი ასეთი სესხი მე მომცეს. გამიშვეს გრენობლის (საფრანგეთი) უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სასწავლებლად.


სწორედ გრენობლში სწავლის პერიოდში გამიჩნდა სურვილი საკუთარი ბიზნესი წამომეწყო საქართველოში. პირველი ნაბიჯებიც ამ მიმართულებით მაშინ გადავდგი.


„სელიოს", ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიას, რომელიც ტანსაცმლის ბრენდს აწარმოებს, სამი თვის განმავლობაში ყოველდღე ვუგზავნიდი წერილებს, ვთავაზობდი ერთობლივად საქმის წამოწყებას საქართველოში. ათამდე ასეთი კომპანიის სია მქონდა გაკეთებული და „ვბომბავდი" იმეილებით.


ზოგმა უარი შემომითვალა, ზოგმა საერთოდ არ მიპასუხა, ხოლო, როცა მათგან ერთმა მომწერა - კონკრეტულად გვითხარი, რა გინდაო, დავიწყეთ კიდეც მოლაპარაკება, და დღეს, უკვე ათი წელიწადია, რაც ეს ბრენდი საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. მასთან ერთად - ბევრი სხვაც.


- მაგალითად?


- მაგალითად, „პრომოდი", „გარი ვებერი", „ორსეი"...


იყო ისეთი ბრენდებიც, რომლებმაც ვერ გაუძლეს იმ ეკონომიკურ ცვლილებებს, ჩვენს ქვეყანაში რომ განვითარდა, მაგალითად, „ტომ ტეილორი", „იუპი", და შეწყვიტეს ჩვენთან თანამშრომლობა.


საბოლოო ჯამში, შემოყვანილი 12 ბრენდიდან, ხუთი დღესაც აქტიურად საქმიანობს საქართველოში.


- თქვენი ძმა - სოსოც ბიზნესმენია.


- დიახ, ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით, ეს არის სამშენებლო, სასტუმროების, საცალო ვაჭრობის მიმართულებები. აქედან პირველს ჩემი ძმა ხელმძღვანელობს, დანარჩენ ორს - მე. შრომის ასეთი განაწილება გვაქვს ოჯახში (ეღიმება).


- დავით ბატონო, ოთხი უმაღლესი სასწავლებლის კედლებში მიიღეთ განათლება. გეკითხებით: რომელი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულად თვლით საკუთარ თავს?

 

- პირველი სიხარული, პირველი ემოციები და სტუდენტობის პირველი განცდა, რასაკვირველია, საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტთანაა დაკავშირებული.


- პირველი „ალმა მატერი"...

 

- დიახ, პირველი. მაგრამ მალევე კავკასიის ბიზნესკოლამ, რომელიც დღესაც საუკეთესოა საქართველოში, შემივსო და გამიღრმავა ეს გრძნობა. ჩემი ფესვები ქართულია, დანარჩენი უცხოური - დამატებითი თვალსაწიერის გასაფართოებლად და პროფესიული ცოდნის დახვეწა-გამრავალფეროვნებისთვის აუცილებელი.


- გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად თქვენმა წამოყენებამ ხომ არ გადაკვეთა თქვენი მოღვაწეობის ის მაგისტრლური ხაზი, რომელიც არჩეული გქონდათ და აქამომდე მიჰყვებოდით?

 

- შეიძლება ითქვას, რომ გადაკვეთა: პოლიტიკაში წასვლა არც მოკლევადიან, მით უფრო, არც გრეძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმილი არ მქონდა, იმდენად აქტიურად ვმუშაობდი ბიზნესში.


როცა ჩემი კანდიდატურის წამოყენების საკითხი დადგა დღის წესრიგში, ბევრი ვიფიქრე ამ შემოთავაზებაზე. ეს ძალიან დიდი ვალდებულება და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო, როგორც ჩემი გვარისა და ოჯახის წინაშე, ასევე (და უწინარეს ყოვლისა) იმ ამომრჩეველთა წინაშე, ვინც ხმა უნდა მომცეს 8 ოქტომბერს, აგრეთვე (და არც ესაა მეორეხარისხოვანი), იმ რაონის წინაშე, რომელშიც გავიზარდე.


გაუაზრებლად არ დავთანხმებულვარ, ნაბიჯი ჰაიჰარად არ გადამიდგამს.


რახან ჩემს ქვეყანას ვჭირდები პოლიტიკაში - აუცილებლად წავალ რიგით ჯარისკაცად და ბოლომდე იქ დავიხარჯები.


- მითხრეს, რომ დღეისთვის გურჯაანის რაიონის 22 სოფელში შეხვდით ამომრჩევლებს. ისიც მითხრეს, რომ საინტერესო დიალოგები გქონდათ მათთან. დეპუტატობის კანდიდატების ტრაფარეტული დაპირებებისთვის თავის არიდება შეძელით?

 

- მართალი გითხრათ, სხვების ასეთ შეხვედრებს მაინცდამაინც ყურადღებით არ ვეკიდები. ამიტომ ჩემს თავს შეფასების უფლებას არ მივცემ. მაგრამ, რა თქმა უნდა, იქ განხილულ თემატიკაზე ჩემი შეხედულება მაქვს.


მაგალითად, ამომრჩევლები ხშირად აყენებენ პენსიაზე ადრე გასვლის საკითხს. მაგრამ ის ასაკი, რომელშიც პენსიაზე გასვლას გვთავაზობენ, ადამიანის გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების მაქსიმალურად განვითარების პერიოდია. ამიტომ, ჩემი აზრით, 55-60 წლის ადამიანების პენსიაზე გასვლაზე კი არ უნდა ვიზრუნოთ, არამედ შევქმნათ მათთვის, მათი ცოდნისა და გამოცდილების შესაფერისი სამუშაო ადგილები. არა პენსიაზე გასვლა მუშაობის უფლების შენარჩუნებით, არამედ დასაქმება, როგორც ყველა შრომისუნარიანი ადამიანის.


ესაა, მგონი, საშური საქმე.


თუმცა გადასაწყვეტი და მოსაგვარებელი პრობლემების სფერო გაცილებით ფართოა.


გურჯაანის მუნიციპალიტეტს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით. საქართველოს მეღვინეობაში არსებული 17 ადგილობრივი წარმოშობის სერთიფიკატიდან ექვსი გურჯაანის რაიონიდანაა: „მუკუზანი", „ახაშენი", „ვაზისუბანი", „კარდენახი", „გურჯაანი", „კოტეხი"!


ჩვენი რაიონი უფრო და უფრო ყალიბდება, როგორც ატმის მწარმოებელი. ცხადია, აუცილებლად უნდა შეიქმნას და გაფართოვდეს ხილის გადამმუშავებელი და შესანახი ინფრასტრუქტურა.


ტურიზმის განვითარების პერსპექტივაც დიდია. მარტო ის რად ღირს, რომ სწორედ აქ არის კოტე აფხაზის, დავით სარაჯიშვილის მემორიალური სახლები, ჯანდიერების სასახლე, ნატო ვაჩნაძის - ქართული კინოს უბადლო ვარსკვლავის - სახლი-მუზეუმი და ა.შ. ველისციხეში 600 წლის მოქმედი მარანია. დაამატეთ ამას ველისციხისა და ჭერმის უნიკალური ისტორიები, სადაც მეხუთე საუკუნიდან ქალაქები არსებობდა... მელაანსა და ჩალაუბანში აღმოჩენილია უძველესი ნასახლარები...


ზოგიერთ ქვეყანაში ლეგენდებს თხზავენ ტურისტების მისაზიდად. ჩვენ ლეგენდარული ისტორია გვაქვს, რომელიც, რაც შეიძლება ფართოდ უნდა წარმოვაჩინოთ.


აუცილებლად უნდა აღვნიშნო ახტალის კურორტი, რომელიც თავისი თვისებებით უნიკალურია და რომელიც აუცილებლად უნდა განვითარდეს, რადგან ყველა წინაპირობა არსებობს მისი საერთაშორისო მნიშვნელობის სამკურნალო კურორტად ჩამოყალიბების.


განათლების მიმართულებით ჩვენი მხარის განვითარება, ვფიქრობ, სწორედ გურჯაანში, კახეთის ცენტრში პროფსასწავლებლების კონცენტრაციის კუთხით უნდა მოხდეს, რადგან სწორედ აქ აქვთ დაგროვილი მდიდარი გამოცდილება. ბაკურციხეში იყო შესანიშნავი პროფ-სასწავლებელი, რომელიც, სამწუხაროდ, გაუქმებულია, კაჭრეთში ფუნქციონირებს არაჩვეულებრივი პროფსასწავლებელი, გურჯაანშიც რომ გაიხსნას, შესანიშნავი იქნება: ამ ცენტრებში შევძლებთ სოფლის მეურნეობაში, თუ ტურიზმში დასასაქმებელი კადრების მომზადებასაც და გადამზადებასაც.


ის ღონისძიებები, რომლებიც ჩამოვთვალე, ჯამში, კომპლექსურად გადაწყვეტს რაიონის ძირითად პრობლემას - უმუშევრობას.


საკმაო ხანს გაგრძელდა ჩვენი საუბარი, რომლის დროსაც აქაურ ამომრჩეველთა ძირითადი მოთხოვნები განსაკუთრებით გამოიკვეთა: ინფრასტრუქტურის დახვეწა, შიდასასოფლო და საუბნო გზების კეთილმოწყობა, მოსახლეობისთვის წყლის 24-საათიანი მიწოდების უზრუნველყოფა - სრულად და ყველა სოფლისთვის.

 

სიტყვამ მოიტანა და სარწყავი სისტემის აღდგენის შესახებაც ვკითხე: ის არხი ვახსენე, კახეთში შემოსულმა წყლით სავსე რომ ვნახე.

 

- მელორაციის სამსახურმა მნიშვნელოვანი სამუშაო განახორციელა, გაიწმინდა სადრენაჟე არხები, გაიზარდა სარწყავი სავარგულების რაოდენობა. თუმცა სარწყავი სისტემები ბოლომდე მოწესრიგებული ჯერ კიდევ არ არის. ესეც მოსაგვარებელია. მაგრამ ნათქვამია, რომი ერთ დღეში არ აშენებულაო. პროცესი დაწყებულია და ბოლომდეა მისაყვანი.


- ისიც ნათქვამია: რომი ბატებმა გადაარჩინესო. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ პრობლემის (დანარჩენებისაც) გადაჭრა ბატების საზრუნავი არ იქნება. (გულიანად ვიცინით).

 

ერთი საკითხიც წამოჭრა დავით სონღულაშვილმა - ქართული ენის სიწმინდის დაცვის საკითხი, რომელსაც იგი, როგორც შევატყვე, განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება. აი, ახლაც საქმის მოგვარებაზე ლაპარაკისას წამოცდება - „ეფექტური" საქმიანობაო და იმავე წამს გაასწორებს „ეფექტიანიო". ვაი, რომ ჩვენი ტელეციცერონი პოლიტიკოსებისთვის ასეთი ნიუანსები ისევე უცხოა, როგორც, მაგალითად, „პრობლემები (საკითხები და ა.შ.) რომელიც" კი არ არის, არამედ „რომლებიცაა": რიცხვში შეთანხმება ამათთვის ჩინური გრამატიკაა. ხოლო საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული (როგორც იქნა!) კანონი ქართული ენის შესახებ, დღემდე ისეა შემოდებული თაროზე, როგორც ცენზურის მიერ აკრძალული კინოფილმები.


- ქართული ენა, - ამბობს დავითი, - ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური ენაა, და ამ სათუთ ფენომენს განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ, რათა არ „წახდეს" („რა ენა წახდეს, ერი დაეცეს"), არ გადაგვარდეს. სამწუხაროა, რომ ჩვენს ენაში ბევრი პარაზიტი სიტყვა და გამოთქმა შემოიჭრა, ბევრი ბარბარიზმი მკვიდრდება.


მაგრამ ისიც უცილოა, რომ ენა უნდა განვითარდეს, გამდიდრდეს.

სახელმწიფომ უნდა დაიცვას ენა (თუნდაც მიღებული კანონის ამოქმედებით). მაგრამ აუცილებელია, ისიც, რომ, ამ საშვილიშვილო საქმეზე მზრუნველობა ერმა უნდა ითავოს, ანუ - ყველა ჩვენგანმა.


P.S. კახეთში ჩასულ თბილისელს აუცილებლად მოუყვებიან დღეისთვის აქტუალურ ამ ანეკდოტს:

 

თბილისში ბაზრობაზე საზამთროს გასაყიდად მიმავალ კახელს დედაქალაქის შესასვლელთან პატრულის ახალგაზრდა თანამშრომელი გააჩერებს და დაშვებულ ნორმას გადამეტებული ოდენობით გატანის მომიზეზებით 300 ლარის გადახდას მოსთხოვს.


კახელი უმტკიცებს, რომ ამხელა ფულს, მთელი მოსავალიც რომ გაყიდოს, ვერ მოიგებს. წელში ვარო გაწყვეტილი, ხომ იცი რა რთული პირობებიაო კახეთში.


- არ ვიცი, - ეტყვის პოლიციელი.


- როგორ თუ არ იცი?! - გაიკვირვებს კახელი.


- არ ვყოფილვარ და იმად არ ვიცი, - მოკლედ მოუჭრის პატრული.


- აბა, შენა ყოფილხარ! შაჰ აბასი იმ სიშორიდან ცხენით სამჯერ ჩამოვიდა კახეთში და შენ ერთხელაც ვერ მოახერხეო?!


აქედან მორალი: წინასაარჩევნო ქარბორბალით ატაცებულ ვინმეს კახეთზე კატეგორიული დასკვნების გაკეთების პრეტენზია თუ გაუჩნდება, ჯერ ჩავიდეს ამ მხარეში, მიდგეს-მოდგეს, გაიკითხოს და გამოიკითხოს.

 

შემდეგ თქვას!

 

დაბოლოს: იმ კახელებსაც ველაპარაკე, რომლებიც დავით სონღულაშვილს თავიანთ სოფლებში მასპინძლობდნენ.

 

იცით, რა მითხრეს?

 

ამ ახალგაზრდა კაცთან შეხვედრის დროს საოცრად კეთილგანწყობილი აურა ყალიბდებაო.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner