აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შეხვდა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და 2023 წელს განათლების მიმართულებით სტუდენტების ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი პროგრამები გააცნო.
20 სტუდენტი გერმანიაში, ფლენსბურგის უნივერსიტეტში სწავლას საზღვაო ტრანსპორტის, საზღვაო მეცნიერებისა და ლოჯისტიკის მიმართულებით გაიღრმავებს. ასევე, ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება გაიარონ პრაქტიკული კურსი გემის მართვის, ნავიგაციური ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების კუთხით.
2023 წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამით 400 სტუდენტს დაუფინანსდება საზღვარგარეთ სწავლა და სტაჟირება.
აჭარის მთავრობის ხელშეწყობით 2023 წელს იწყება სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მშენებლობა. სტუდენტური საცხოვრებლით აჭარაში მოქმედი სამი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის 1 000 სტუდენტი ისარგებლებს.