„სამუშო რეჟიმში გამართული შეხვედრების ძალიან დიდი უპირატესობაა, რომ ინფორმაციის მიწოდების გარდა, ქართული დელეგაცია ისმენს ევროპული მხარის მოსაზრებებს, თუ სად და რა მიმართულებით თვლის ევროკავშირი რომ მეტია გასაკეთებელი“, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ვახტანგ მახარობლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც ბრიუსელში ქართული დელეგაციის ვიზიტი შეაფასა.
„ძალიან საინტერესო ვიზიტია ბრიუსელში. ეს არის უწყებათაშორისი ვიზიტი, სადაც წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს. იუსტიციის სამინისტროს და სხვა უწყებების წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციას შეხვედრები აქვს სხვადასხვა ევროპული ინსტიტუტის წარმომადგენლებთან. შეხვედრა შედგა ევროკომისიის მართლმსაჯულების გენერალურ დირექტორატში, გაფართოების დირექტორატში, საგარეო საქმეთა სამსახურში. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრის ფარგლებში დელეგაცია აწვდის ინფორმაციას პარტნიორებს, თუ როგორ სრულდება 12 რეკომენდაცია. ამ სამუშო რეჟიმში გამართული შეხვედრების ძალიან დიდი უპირატესობაა, რომ ინფორმაციის მიწოდების გარდა, ქართული დელეგაცია ისმენს ევროპული მხარის მოსაზრებებს, თუ სად და რა მიმართულებით თვლის ევროკავშირი რომ მეტია გასაკეთებელი. მთლიანობაში შეიძლება ვთქვათ, რომ ევროკავშირი პოზიტიურად აფასებს პროცესს.ევროკავშირი ხედავს , რომ პროცესი წინ მიდის . ევროკავშირში აქცენტს აკეთებენ, რომ პროცესისთვის მნიშვნელოვანია ინკლუზიურობა. პროცესი ჯერ დასრულებული არ არის და ეს განცდა აქვს როგორც ქართულ მხარეს, ისე ევროკავშირის მხარეს. ამ მხრივ სრულიად თანხვედრაა მოსაზრებებში, რომ მთელი რიგი მიმართულებებით საკითხები დასასრულებელია. ამ ვიზიტს აქვს ძალიან პოზიტიური დატვირთვა იმ კონტექსტში, რომ ეს არ არის მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებისთვის, პირიქით კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ ქართული მხარე იღებს ევროპელი პარტნიორების მოსაზრებებს, სად არის მეტი გასაკეთებელი. 12 პრიორიტეტის გარდა, წარმოდგენილი უწყებები ევროპულ მხარეს აწვდიან ინფორმაციას რეფორმების კუთხით ყველა სხვა მიმართულებით.
ვისაუბრეთ ევროკომისიის ანგარიშზე, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა. ევროკომისიამ საკმაოდ პოზიტიურად შეაფასა საქართველო ანგარიშში, თუმცა მთელი რიგი მიმართულებებით არის პროგრესი მისაღწევი და ძალიან კარგია, რომ ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს დისკუსია“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.
საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასასვლელად და კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროპის პოლიტიკურ ცენტრში შეხვედრები მიმდინარეობს. უწყებათაშორისი ვიზიტი ბრიუსელში ყველა მნიშვნელოვან საკითხს შეეხო, რაც საქართველოში მიმდინარე რეფორმებს უკავშირდება. დელეგაციაში არიან პარლამენტის, იუსტიციის, საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.