logo_geo
eng_logo
მთავრობის მოწვევით, საქართველოში ეუთო-ს ოფისის სადამკვირვებლო მისია იმუშავებს
- +

31 აგვისტო. 2016. 16:25



ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა ოფიციალურად გახსნა სადამკვირვებლო მისია 8 ოქტომბერს საქართველოში დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მისიის გახსნას წინ უძღვოდა საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური მიწვევა.



მისია, რომელსაც უხელმძღვანელებს ელჩი ალექსანდრე კელჩევსკი, შედგება 12 ექსპერტისგან შემდგარი ძირითადი გუნდისგან, რომელიც თბილისში განახორციელებს თავის საქმიანობას, და 26 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან, რომლებიც ჯგუფურად იმუშავებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. არჩევნების დღეს მონიტორინგის ჩასატარებლად დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი დამატებით მოიწვევს 350 მოკლევადიან დამკვირვებელს. ექსპერტები და დამკვირვებლები მოწვეულნი იქნებიან ეუთო-ს 18 მონაწილე ქვეყნიდან.



მისია შეაფასებს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაბამისობას ეუთო-ს დებულებებსა და სხვა საერთაშორისო სტანდარტებსა და ვალდებულებებთან, რომლებიც დაკავშირებულია დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასთან, ასევე შეფასდება ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება. დამკივრვებლები თვალყურს გაადევნებენ კანდიდატების რეგისტრაციის პროცესს, წინასაარჩევნო კამპანიებს, საარჩევნო ადმინისტრაციისა და სხვა შესაბამისი სახელისუფლებლო ორგანოების საქმიანობას, საკანონდებლო ბაზის მოთხოვნების შესრულებასა და არჩევნებთან დაკავშირებული დავების გადაჭრის პროცესს. მონიტორინგის ფარგლებში მისია ასევე გაადევნებს თვალყურს წინასაარჩევნო პერიოდის/არჩევნების გაშუქებას მედიასაშუალებებში.



დაკვირვების პროცესში მისიის წარმომადგენლები შეხვდებიან შესაბამისი სახელისუფლებლო უწყებების, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს.



არჩევნების დღეს დამკვირვებლები განახორციელებენ საარჩევნო უბნების გახსნის, ხმის მიცემის, დათვლისა და ტაბულაციის მონიტორინგს. არჩევნების დღისთვის მისია გეგმავს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან, ევროპარლამენტსა და სხვა საპარლამენტო პარტნიორებთან თანამშრომლობით ერთობლივი საქმიანობის განხორციელებას.



განცხადება წინასწარი შედეგებისა და დასკვნების შესახებ გამოქვეყნდება არჩევნების მეორე დღეს. საბოლოო ანგარიში მთლიან წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვების შესახებ, რეკომენდაციების ჩათვლით, გამოქვეყნდება დაახლოებით ორ თვეში საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ.



http://www.osce.org/



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner