ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ამერიკული კანონის ირგვლივ განვითარებული პროცესები შეაფასა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მიღებული შედეგი შეიძლება იმაზე მნიშვნელოვანიც კი იყოს, ვიდრე კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში დადგებოდა.
„საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ აგენტობა არის სათაკილო მოვლენა, ვისი აგენტიც არ უნდა იყო. მნიშვნელობა არ აქვს, საიდან მომდინარეობს ეს ურთიერთობა. თუ ხარ აგენტი, აპრიორი ხელს აწერ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება შენი ქვეყნის წინააღმდეგ იყოს მიმართული“, - ამბობს კობახიძე.
მისივე თქმით, კიდევ ერთი შედეგი, რაც მმართველმა გუნდმა მიიღო, არის ბაკურიანის გეგმის პრევენცია, რომელიც მუდმივად აქტიურია და რადიკალური ოპოზიცია მხოლოდ ხელსაყრელ მომენტს ეძებს.
„საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ბაკურიანის გეგმის პრევენციას. „ენჯიოების“ მეშვეობით საქართველოში ერთხელ უკვე მოხდა რევოლუცია, რომელმაც ძალიან მძიმე შედეგები მოგვიტანა. აქედან გამომდინარე, ბაკურიანის გეგმის პრევენცია იყო მნიშვნელოვანი და საბოლოო ჯამში, ეს პროცესი ხელს შეუწყობს იმას, რომ „ენჯიოების“ მეშვეობით „ნაციონალური მოძრაობა“ აღარასოდეს დაბრუნდეს ხელისუფლებაში“, - მიიჩნევს კობახიძე.