სლოვაკეთის ფორტუნა ლიგში ქართული სამეულის „სლოვანი“ გასვლაზე „პოდბრეზოვას“ დაუპირისპირდა და საჩემპიონო ჯგუფში პირველი მატჩი მოიგო – 2:1. გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, გიორგი ჩაკვეტაძე კი განაცხადში არ ყოფილა.
თურქეთის სუპერლიგის შეხვედრაში „სივასფორთან“ სათადარიგოებში იყო „ანკარაგიუჯუს” თავდამსხმელი გიორგი ბერიძე, მისმა გუნდმა კი 2:0 წააგო. ასევე სკამიდან ადევნებდა თვალს მატჩს „ქარაგიუმრუქის“ შემტევი საბა ლობჟანიძე – „ბაშაქშეჰირთან“ დაპირისპირებაში ქართველის გუნდმა ქულა მოიპოვა – 2:2.
უკრაინის პრემიერლიგაში ბექა ვაჩიბერაძემ 62-ე წუთი ითამაშა ხარკოვის „მეტალისტი 1925“-ში, რომელშიც გუნდმა გასვლაზე „ვორსკლასთან“ ქულა მოიპოვა 0:0. როგორც იქნა, „შახტარის“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა გიორგი გოჩოლეიშვილი „რუხთან” (2:0), მეორე ტაიმში კი დაასვენეს.
ჩეხეთის I ლიგაში ვახტანგ ჭანტურიშვილის „ზლინი“ გასვლაზე „სლოვაცკოსთან“ 3:0 დამარცხდა. ქართველმა შემტევმა 74 წუთი ითამაშა. დაბოლოს – დათა ხოჭოლავამ დანიის სუპერლიგაში „კოპენჰაგენის” ფორმით შეუცვლელად ითამაშა „ვიბორგთან“ (2:1), მაგრამ ნაკრებს ვერ დაეხმარება, რადგან, სავარაუდოდ, ხვალ მენისკის ოპერაციას გაიკეთებს.