logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია შედეგიანი ბრძოლა სამშობლოსათვის
- +

20 მარტი. 2023. 12:17

 

 

თბილისში აღინიშნება მდ. გუმისთაზე წარმოებული, სისხლიანი ბრძოლების 30-ე წლისთავი. აფხაზეთში დაწყებული სამხედრო კონფლიქტიდან, 8 თვის შემდეგ - 1993 წლის 14-16 მარტს, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს, მოეგერიებინათ რუსეთისა და აფხაზების გაერთიანებული ძალების მასირებული შემოტევა, რომელიც სოხუმის აღებას ისახავდა მიზნად.

 

„ეხოკავკაზა“ გაესაუბრა გუმისთის ბრძოლების აქტიურ მონაწილეს, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, თადარიგის გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს.

 

- 30 წელი გავიდა იმ სისხლიანი ბრძოლების შემდეგ, გუმისთის ხიდთან, ამ მოვლენებს თქვენ ყოველ 16 მარტს იხსენებთ, რას ნიშნავს თქვენთვის ეს დღე?

 

- თუ გავიხსენებთ იმ დღეების დინამიკას, შევხედავთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი დღე, 16 მარტი, თუ კი განსხვავდება ის სხვა დღეებისაგან მხოლოდ იმით, რომ ის გახდა უსაზღვრო თავდადებისა და იმის გაცნობიერების დღე, რომ ჩვენ შეიძლებოდა მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გვქონოდა; რატომღაც დღეს არის თემები, რომლებზედაც ყურადღებას სათანადოდ არ ვამახვილებთ - კერძოდ, არა მხოლოდ 30 წლის წინათ, არამედ ყოველთვის, რუსეთის იმპერიას, ჰქონდა იმის მცდელობა, თავისი გავლენის ქვეშ დაექვემდებარებინა ყველა და ყველაფერი, მით უმეტეს, რომ მას (რუსეთის ფედერაციას), დღესაც არ დაუკარგავს პოსტსაბჭოთა სივრცის, როგორც საკუთარი გავლენის სფეროს აღქმა. იმ პერიოდში კი, ასეთი დამოკიდებულება, კიდევ უფრო მძაფრად ვლინდებოდა მეზობელი სახელმწიფოების, განსაკუთრებით საქართველოს მიმართ, რომელიც წარმოადგენდა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების ფლაგმანს, რომელთაც დამოუკიდებლობის გამოცხადება გადაწყვიტეს.

 

ჩვენ ვიცით, რომ აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს წინ უსწრებდა ტკივლითა და ცრემლით აღსავსე მრავალი დღე - 1989 წლის 9 აპრილი, სამაჩაბლოში თავსმოხვეული დაპირისპირება და ბევრი სხვა... ყოველივე ეს წინ უძღოდა აფხაზეთის ტრაგედიას.

 

ეს იყო ტრაგედია, რამეთუ საუკუნეების განმავლობაში, ერთ სახელმწიფოში ცხოვრების პერიოდში, ძნელად თუ შეიძლება, გაიხსენო დაუნდობლობისა და მართვადი აგრესიის ასეთი გამოვლინება ერთმანეთის მიმართ.

 

ამ პერიოდში ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო სამეგრელოში და მთლიან დასავლეთ საქართველოში. ეს იყო ჩვენი გათიშვისა და ურთიერთდაპირისპირების მცდელობა.

 

რაც შეეხება აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს_ დღეს არავინ იხსენებს, რომ ამას წინ უძღოდა ე.წ. კავკასიის კონფედერაციის ჩამოყალიბება, რომელსაც, თუ არ ვცდები, ხელმძღვანელობდა მუსა შანიბოვი; ამ კონფედერაციამ ქალაქი სოხუმი დიდი ზარ-ზეიმით გამოაცხადა თავის დედაქალაქად და აიღო ვალდებულება, მასში შეეყვანა ე.წ. კონფედერაციის შეიარაღებული ძალები შამილ ბასაევის მეთაურობით.

 

შეხედეთ, როგორი დინამიკაა? ძალები, რომლებიც მანამდე ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, იმ მომენტში გაერთიანდნენ და ერთიანი ფრონტით დაგვიპირისპირდნენ. საქართველოს მაშინ არავითარი რესურსი არ გააჩნდა, ჰქონდა მხოლოდ მებრძოლი სულისკვეთება და სურვილი, ეცხოვრა დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოში, არ იყო არავითარი აგრესია.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გარკვეულ წილად ვიმყოფებოდით „ურა პატრიოტიზმის“ ხიბლის ქვეშ, მათ თავს მოგვახვიეს სხვადასხვა კონფლიქტები, რომელთა შორის ყველაზე მსხვილმასშტაბიანი იყო კონფლიქტი აფხაზეთში. ჩვენ გვახსოვს, როგორ ვითარდებოდა მაშინ მოვლენები საქართველოს რკინიგზაზე. ამას დაემატა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოს შეიარაღებული ფორმირებების შემოყვანა გამოგონილი სამართლებრივი საფუძვლით. კერძოდ, ქ. სოხუმის კავკასიის კონფედერაციის დედაქალაქად გამოცხადების საბაბით.

 

ეს გვიჩვენებს რუსეთის პოლიტიკის დინამიკას, გაავრცელოს თავისი გავლენა მისთვის საინტერესო ტერიტორიებზე.

 

- გაგრის დაცემის შემდეგ (1992 წლის 1-6 ოქტომბერი) გუმისთის ოპერაცია საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის იყო პირველი დიდი, სერიოზული წარმატება. მე მაინტერესებს თქვენი აზრი უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრის ფონზე, როგორ აღიქმება 30 წლის წინანდელი მოვლენები?

 

- რასაკვირველია, ეს იყო რუსეთის მხრიდან მართული პროცესი, რომელიც მასშტაბურ სამხედრო მოქმედებებში გადაიზარდა. გაგრა-განთიადის დაცემის შემდეგ, ნათელი გახდა, რომ ჩვენ გვიპირისპირდებოდა, როგორც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რეგულარული სამხედრო ნაწილები, ასევე, ჩრდილოკავკასიელი დაქირავებულები (ინგუშები იმ დროს იცავდნენ პასიურ, მეგობრულ ნეიტრალიტეტს) და კაზაკთა რაზმები. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. ამან გვაჩვენა, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების აქტიური ჩარევის გარეშე, საბრძოლო მოქმედებები ვერ მიიღებდა ასეთ მასშტაბურ, დამანგრეველ ხასიათს და სულ მალე დამთავრდებოდა - საერთო სამშობლოში მცხოვრები ორი ხალხი გამოძებნიდა საერთო ენას. რუსეთის გეგმებში სულაც არ შედიოდა, რომ ვინმეს გამოეძებნა საერთო ენა. ხორციელდებოდა წინასწარ გამიზნული, ურთიერთგათიშვის პროცესი, რამაც შედეგად, 1993 წლის 14-16 მარტის მოვლენები განაპირობა.

 

დაუფარავად გახდა ცნობილი, რომ შემოტევა გუმისთაზე და სოხუმის შტურმი დაიგეგმა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში, რომლის მაღალი თანამდებობის პირები ახორციელებდნენ ოპერაციის ხელმძღვანელობასა და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, საავიაციო მხარდაჭერას. ღიმილის მომგვრელია, როცა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების მოწინავე პოზიციებს ბომბავდა აფხაზეთის სამხედრო ავიაცია. მით უმეტეს, რომ წინა დღეებში, გუმისთის მიმდებარე ტერიტორიები (კერძოდ, აჩადარა) დაიბომბა დიდი სიმძლავრის 500 კგ-იანი ბომბებით, რა დროსაც დაიღუპნენ ქართველი ჟურნალისტები. ჟურნალისტები ადგილზე იმყოფებოდნენ, რათა დაეფიქსირებიათ საავიაციო ბომბის გაუვნებელყოფის ოპერაცია. ამ დროს მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა 11 ადამიანი, მათ შორის, რეჟისორი გულიკო გოდოლაძე, ოპერატორი ჯუმბერ ეზუგბაია, ჟურნალისტები: გიორგი პოპიაშვილი და საშა კარაპეტოვი.

 

ამის შემდეგ, 15 მარტს, დაიწყო სოხუმის და მისი გარეუბნების მასირებული დაბომბვები. მათ შორის, ჩვენი სამხედრო ბაზის. რასაც მოჰყვა შტურმი სოხუმის აღების მიზნით. არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ ის გმირობა და თავდადება, რომელიც სოხუმის დაცვისათვის ბრძოლებში გამოავლინეს მე-2 და მე-6 სატანკო ბატალიონების და ადგილობრივებით დაკომპლექტებული ბრიგადის მებრძოლებმა. ეფექტურად მოქმედებდა ჩვენი არტილერია, რამაც განაპირობა საბრძოლო ინიციატივის ჩვენს სასარგებლოდ შემობრუნება. ჩვენ გვქონდა ცალკეული სადაზვერვო ქვედანაყოფი, რომელსაც დაევალა, მოემზადებინა თავდაცვითი ზღუდე მტრის შემოტევის შესაჩერებლად. მოვლენები დინამიურად ვითარდებოდა, ეს იყო თავდადების და განწირული სიმამაცის გამოვლინება, რადგან ყველას გვქონდა გაცნობიერებული, რომ თანამებრძოლების გარდა, ვერავის იმედი ვერ გვექნებოდა. ყოველივე ამან, ნათლად აჩვენა, რამდენი რამის გაკეთება შეუძლია თავისუფლებისათვის მებრძოლ სამშობლოს დამცველ ადამიანს - რამდენად ძლიერია რიცხობრივად და ტექნიკურად მასზე აღმატებულ მოწინააღმდეგეზე.

 

ბრძოლების დამთავრების შემდეგ, ჩვენ მოწინააღმდეგეს გადავეცით მათი დაღუპული თანამებრძოლების ცხედრები. დაღუპულ მოწინააღმდეგეზე ანგარიშსწორება მიუღებელია ნამდვილი მებრძოლისათვის. ტყვედ იქნა აყვანილი მრავალი მოწინააღმდეგე, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რეგულარული სამხედრო ნაწილების მებრძოლები, რომლებიც, ასევე, გავათავისუფლეთ.

 

- თქვენ ამბობთ, რომ იმ განუკითხაობის ჟამს, ცდილობდით, დაგეცვათ საერთაშორისოდ აღიარებული ომის კანონები, რასაც დღეს ვერ ვხედავთ უკრაინაში...

 

- რაც არ უნდა ვთქვათ, ჩვენ გენში გვიზის მოწინააღმდეგის დაფასება. ერთია, როდესაც მტერს ანადგურებ ბრძოლაში, მაგრამ დამარცხებულის და დატყვევებულების დამცირება, ღირსების შელახვა, სცდება უფლისგან კურთხეულ ჩვენს ადათ-წესებს.

 

რაც მთავარია, 1993 წლის 15-16 მარტის ბრძოლებმა აჩვენა, რომ შეგვიძლია სამშობლოს შედეგიანად დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ტაქტიკური თუ ოპერატიული მიზეზების გამო, არ განგვიხორციელებია კონტრშეტევა. გუმისთაზე განხორციელებულ მასიურ შეტევას მხარს უმაგრებდნენ ჩვენს ზურგში (ტყვარჩელი და ოჩამჩირე) მყოფი მოწინააღმდეგის ქვედანაყოფები. როგორც კი დაიწყო გენერალური შეტევა სოხუმზე, ისინი სინქრონულად გააქტიურდნენ ოპერატიულ-ტაქტიკურ სივრცეზე. სწორედ ამ მიზეზით არ განხორციელდა ჩვენი კონტრშეტევა, რადგან ზურგიდან გვემუქრებოდა მოწინააღმდეგის გააქტიურების საფრთხე.

 

ალბათ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო მაშინ სამეგრელოში. იქაც ადგილი ჰქონდა მართვად პროცესებს. ამდენი დროის გასვლის შემდეგ, ყოველივე ეს, გვაძლევს საშუალებას, ბევრი რამ გავაანალიზოთ და გავიაზროთ.

 

- რას იტყვით საქართველოსა და უკრაინაში დღეისათვის არსებულ მდგომარეობაზე?

 

- წარსულ და დღევანდელ მოვლენებს შორის ბევრი ანალოგიაა. ჩემს თაობას არ სჭირდება იმისი შეხსენება, რომ რუსეთი აგრესორი და დამპყრობელია. ჩვენ ამაზე ჯერ კიდევ მაშინ ვლაპარაკობდით. აქვე მინდა გავიხსენო, რომ გუმისთაზე ჩვენს გვერდით იბრძოდნენ უკრაინელები, მათ შორის მამა-შვილი, თუ არ ვცდები, გვარად მაზური. შვილი ერთ-ერთ ბრძოლაში დაიღუპა და მაშინ მამამისმა თქვა თითქმის წინასწარმეტყველური ფრაზა: „ქართველებო, თუ ჩვენ, ერთად, აქ, (გუმისთაზე) ვერ გავაჩერებთ რუსეთს, მოგვიწევს მისი შეჩერება დნეპრზე“.

 

ჩვენ ყოველთვის გვქონდა იმისი განცდა, რომ რუსეთის დაუსჯელობა წამახალისებლად მოქმედებს მის აგრესიაზე. ჩვენ ამას ვხედავთ და ამაში ახალი არაფერია. არის მხოლოდ ერთი მომენტი - ჩვენ არავის ვავალდებულებთ და ვამუნათებთ, რადგან ვიცით, რომ ჩვენი უმთავრესი ამოცანა სამშობლოს დაცვაა.

 

პროცენტული გაანგარიშებით, მორალურად, გონებრივად, პროფესიულად თუ ცოცხალი ძალით, შეიძლება, ჩვენ ათასჯერ მეტი მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ უკრაინას თავისუფლებისათვის ბრძოლაში, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, დავივიწყოთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ინტერესები და გამოვიდეთ მეტიჩარას როლში. ჩემთვის უცნაური და ღიმილისმომგვრელია, როცა ჩვენი ახალგაზრდობის წარმომადგენელი ტელევიზიით გვარიგებს ჭკუას და გვამცნობს, რომ მან უკვე იბრძოლა რუსეთთან და ორჯერ შეისუნთქა ცრემლსადენი გაზი რუსთაველის გამზირზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ახალგაზრდის ნათქვამი შორსაა რეალობიდან, მაინც მისასალმებელია, რომ მას აქვს ბრძოლისუნარიანობის განცდა. ალბათ, ამ განცდას ცოტა დაკორექტირება ესაჭიროება.

 

ყოველი წლის 16 მარტს ვიკრიბებით დაღუპულ გმირთა მემორიალთან. ეს დღე ჩვენთვის მძიმეა, მაგრამ, ამავე დროს, გვისახავს იმედს და რწმენას, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად იქნება თავისუფალი, ძლიერი და ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან ერთად მომავალში ვიქნებით, ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს შვილები.

 

რაც მოხდა, იყო შეცდომა, შეცდომა, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე, ჩვენი ძმების - აფხაზებისა და ოსების მხრიდან. ჩვენ ამ სირთულისა და ტკივილის მიუხედავად, უნდა ვეძებოთ ერთმანეთისკენ სავალი გზები. არის გაკრვეული მონახაზები ამ მიმართულებით. ღვთის შეწევნით, იმედია ყველაფერი კარგად იქნება.

 

უკრაინა იქნება თავისუფალი, მთავარია, სწორად მივუდგეთ ამ თემას.

 

https://www.ekhokavkaza.com/a/32321507.html?fbclid=IwAR0UTx04E_wJuvuWhojHYLmOOF7FoU84na9mEA_w2EGdzQdAQ4l6-0e-LRM

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner