სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სტაციონარული დაწესებულებებისთვის, ახალი სანებართვო პირობები დამტკიცდა.
ცვლილების მიზანი პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო რეჟიმის სრულყოფა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა.
სიახლის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, სამედიცინო სერვისებისა და მომსახურების გაუმჯობესება სახელმწიფოს პრიორიტეტია. მიზნის მისაღწევად კი, ჯანდაცვის სამინისტრომ, არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა.
„მოგეხსნებათ, გასულ წელს აქტიურად დავიწყეთ კლინიკების მომსახურების ხარისხის გაზრდის კუთხით სხვადასხვა ღონისძიების გატარება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, სხვადასხვა მიმართულების მიხედვით განვსაზღვრეთ სტანდარტები. წინა პერიოდში - რეანიმაციის მომსახურების მიმწოდებლებისთვის, დღეს - ქირურგიის. ყველა მიმართულებას მივყვებით და ექნება თავისი სტანდარტი, როგორც ოთახების მოწყობის, ისე - აღჭურვის და სხვადასხვა კომპონენტის მიმართულებით. გარდა ამისა, 2025 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაცია სავალდებულო გახდება. ჩვენ მივყვებით ამ მიმართულებით დასახულ გეგმას და ვფიქრობ, ძალიან მალე კლინიკებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მომსახურება გვექნება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.