აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინისათვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტის გამოყოფა გამოაცხადა, რომელიც საერთო ჯამში 350 მილიონ დოლარს შეადგენს.
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი შეიცავს დამატებით საბრძოლო მასალას აშშ-ის მიერ მიწოდებული HIMARS-ის სარაკეტო სისტემისა და ჰაუბიცებისთვის, ასევე საბრძოლო მასალას Bradley-ის ქვეითი საბრძოლო მანქანებისთვის, HARM-ის ტიპის რაკეტებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და ა.შ.
„ჩვენ მივესალმებით 50-ზე მეტ ქვეყანას, რომლებიც გაერთიანდნენ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. მხოლოდ რუსეთს შეუძლია დაასრულოს თავისი ომი დღეს. სანამ ის ამას არ გააკეთებს, ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება“, - ხაზგასმით აღნიშნა ბლინკენმა.