მიუხედავად იმისა, რომ ჩემი წინა კარიერა საქართველოს დროშის ტარებას შევალიე როგორც ჩრდილოეთში, ასევე აღმოსავლეთსა და დასავლეთში, ჩემი და ჩემი კოლეგების მიმართულებით ძალიან დიდი ტალახი ისროლეს. აგრესია მიმართული იყო ასევე ჩვენი ოჯახის წევრებისკენ. თუმცა შეგვიძლია, ამ ყველაფერს დადებითი კუთხითაც შევხედოთ - ამან დაგვანახა, რომ მანქანა, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს, ძლიერია, ამიტომ კარგი ანალიზი და სერიოზული მუშაობაა საჭირო“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით კაჭარავამ, „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მან და მისმა თანამოაზრეებმა დაუმსახურებელი შეურაცხყოფა მიიღეს საზოგადოებისგან, თუმცა ამ ყველაფრის დადებით მხარედ მიიჩნევს იმას, რომ განვითარებულმა მოვლენებმა მოწინააღმდეგეთა ძალების სათანადოდ შეფასების საშუალება წარმოშვა.
„ის, რაც ამ დღეებში ვნახეთ, მიუღებელია და ვერანაირად ვერ წაადგება საქართველოს მომავალს… პირადად ჩემთვის განსაკუთრებით რთული იყო საზოგადოების პოზიციის მიღება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ჩემი წინა კარიერა საქართველოს დროშის ტარებას შევალიე როგორც ჩრდილოეთში, ასევე აღმოსავლეთსა და დასავლეთში, ჩემი და ჩემი კოლეგების მიმართულებით ძალიან დიდი ტალახი ისროლეს. საუბარი არ არის მხოლოდ ჩვენზე, პარლამენტარებზე. აგრესია მიმართული იყო ასევე ჩვენი ოჯახის წევრებისკენ, როგორც უფროსების, ისე ბავშვებისკენაც. ეს ყველაფერი პირდაპირ ფაშიზმს უახლოვდება. თუმცა შეგვიძლია, ამ ყველაფერს დადებითი კუთხითაც შევხედოთ - ამან დაგვანახა, რომ მანქანა, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს, ძლიერია, ამიტომ კარგი ანალიზი და სერიოზული მუშაობაა საჭირო.
სიტუაცია გაართულა იმან, რომ ჩვენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნიდან, არამედ გარედანაც გვებრძოდნენ. თავიდან ყველაფერი გარედან მოწოდებებმა გაამწვავა. ჯერ კანონი ბიუროზეც არ იყო გასული, საკომიტეტო განხილვებიც არ იყო დაწყებული, როცა გარედან ჩვენმა მეგობრებმა ეს კანონპროექტი რუსულად მოიხსენიეს, რასაც მოჰყვა ევროპის საელჩოების განცხადებები და იმ საზოგადოებისთვის, რომელზეც ასე კარგად იმუშავეს, უკვე ძალიან რთული გახდა სიმართლის ახსნა. საკომიტეტო მოსმენებზე კი, რომლებზეც შინაარსობრივად უნდა განგვეხილა კანონპროექტი და პრინციპების დონეზე უნდა შევთანხმებულიყავით, საერთოდ არაფერი განიხილებოდა. იყო მხოლოდ სკანდირება, რომ კანონპროექტი რუსულია, იყო კივილ-წივილი, ჩხუბი, აყალმაყალი და ვერანაირად მოხერხდა საზოგადოებამდე სიმართლის მიწოდება. გასაგებია, რომ სიტყვა „აგენტი“ საბჭოთა კავშირის ისტორიიდან გამომდინარე ძალიან მძიმე სიტყვაა ნებისმიერი ქართველისთვის. მართალია, თანამედროვე მსოფლიოში საკმაოდ ბევრი მიმართულებით გამოიყენება, მაგრამ როგორც ტერმინ „აგენტზე“, ისე კანონპროექტის შინაარსობრივ მხარეზე შესაძლებელი იყო საუბარი, თუმცა ჩვენ ამის საშუალებაც კი არ მოგვეცა. დასაწყისიდანვე გვითხრეს, თქვენთვის ამ კანონის მიღება არ შეიძლებაო. სად არის აქ დემოკრატიის ხარისხი? ჩემს ირგვლივ არავინ ფიქრობს, რომ საქართველოს განვითარების გზა რუსეთზე გადის. იყო შენი ქვეყნის მხარდამჭერი და შენი ქვეყნის ინტერესებს ატარებდე, არანაირად არ ნიშნავს, რომ რუსეთის ინტერესების გამტარებელი ხარ. ჩვენ თუ ვაკრიტიკებთ და სიმართლეს ვეუბნებით დასავლელ მეგობრებს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს ეს კრიტიკა.
დასავლური კურსი არჩეული და კონსტიტუციაში ჩაწერილია, ვიზალიბერალიზაცია მიღებულია, სავაჭრო ხელშეკრულება გაფორმებულია, ნატოსთან ყველაზე ახლოს ვართ, კანდიდატის სტატუსს ველოდებით, 12 პუნქტს ვასრულებთ… ნუ შეხვალთ იმ ილუზიაში, რომ პროქართულობა დასავლური კურსიდან გადახვევას ნიშნავს. პირიქით, რაც უფრო ღირსეულად მოვიქცევით ქართველები, მით მეტი შანსი გვექნება ამ ოჯახში გაწევრიანების. ჩვენი მიზანია, საქართველო სამშვიდობოს გავიყვანოთ. დიდი ბრძოლაა და რაც უფრო დიდია ბრძოლა, მით უფრო დიდია გამარჯვება! ჩვენი გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა, აქედან გამომდინარე, ნაბიჯს უკან არ გადავდგამთ!“ - განაცხადა დავით კაჭარავამ.