"ჩემი დის ოჯახს მიუვარდნენ ჯერ ლიფტში, მანქანაში ჩაუხტნენ, შემდეგ სახლში მიუვარდნენ და ადამიანს, იმიტომ, რომ ჩემი დის მეუღლეა, სულ ზარქუას სიძე ეძახეს, რათა საზოგადოებაში გაეჩინათ განცდა, რომ თურმე ზარქუა ლობირებს რაღაც თემებს," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ალექსანდრე ამისულაშვილი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ღირსეულად ატარა ეროვნული ნაკრების მაისური, ეროვნული დროშა, ყველა იცნობს, ვინ რას წარმოადგენს. ეტყობა ძველი რეჟიმის დროიდან ჰგონიათ, რომ ეს ასე ხდება. ადამიანი თავისი შრომით, ჯაფით, კაპიტალით, სამშენებლო თემებშია და რადგან ზარქუას სიძეა, თურმე უნდა გახდეს ბულინგის მსხვერპლი. ეს არის თქვენი სტანდარტი. გეგონათ, თავის მართლების რეჟიმში გადავიდოდი. არა ბატონებო, პირიქით, მე მოვუწოდებ ყველა ჩემს ახლობელს, მეგობარს, უბნელს, ჩემს თბილისელებს, ჩემს წალენჯიხელებს, ვისაც გაქვთ კაპიტალი, გამოცდილება, შესაძლებლობა, რომ ღია, გამჭვირვალე, ტენდერებში მიიღოთ მონაწილეობა თამამად გააკეთეთ ეს, იმიტომ, რომ მეტი სკოლა და ბაღი უნდა აშენდეს, მეტი სპორტკომპლექსი, ღირსეულად და ხარისხიანად“, - აღნიშნა დეპუტატმა.