„დიდ შეშფოთებას იწვევს ევროსტრუქტურებში გამოაშკარავებული კორუფციის დონე. ჯერ კიდევ 2014 წელს „საშინაო პოლიტიკის საკითხებში“ ევროკომისრის, სესილია მალმსტრიომის ანგარიშიდან, შევიტყვეთ, რომ ყოველწლიურად ევროკავშირში კორუფციული ხარჯები 120 მილიარდ ევროს აღემატება. მას შემდეგ ღია წყაროებში მსგავსი ტიპის ინფორმაციის გაჟონვას ადგილი აღარ ჰქონია - მაგრამ ამ ხარჯების შემცირების შესაძლებლობა ნაკლებად სავარაუდოა“, - წერს ფეისბუქზე „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
როგორც ის აღნიშნავს, ჯერ კიდევ კარლ ბილდტისა და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობებიდან ჩანდა, რომ საერთაშორისო ლობიზმი სარფიან ბიზნესად იქცა.
„ყოველივე ამის გამოაშკარავებას ე.წ. „ყატარ-გეიტის“ პროცესმა შეუწყო ხელი, რომელიც გეოგრაფიულად აუცილებლად გაცდება აზიის რეგიონს და უფრო ფართო არეალს მოიცავს, ხოლო კეთილსინდისიერი გამოძიების შემთხვევაში - აუცილებლად საქართველოსაც შეეხება.
ქართული მხარე ევროგამოძიებას ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევდა, რომ არა იმავე დასავლეთის მხრიდან კოლონიალური ზეწოლა, ქვეყნის საკანონმდებლო სფეროში უხეში ჩარევა, ცალ ფეხზე და წაკუზულ მდგომარეობაში მდგომი ადგილობრივ ლაქია-ვასალებზე სტიგმა „რუსული კანონის“ საკენკად გადაგდება. „ხალხის ძალამ“ ნამდვილად იცის, თუ რომელი ქვეყნების სამართლებრივი გამოცდილება გაიზიარა და ამ ქვეყნებს შორის ერთადერთი ვინც არ იკითხება - რუსეთია.
სამაგიეროდ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ რა „დოზით“ არის წარმოდგენილი ევროსტრუქტურებში რუსული სადაზვერვო დესანტი. შოკისმომგვრელია ინფორმაცია ევროსაბჭოდან გარიცხული რუსეთის პირობებში, მის აპარატში მომუშავე 90 რუსეთის მოქალაქის, აქედან ერთ-ერთის, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მოქმედი გენერლის, ვლადიმერ ნებივაევის ვაჟის - იგორ ნებივაევის შესახებ, რომელსაც ევროსაბჭოში სწორედ რომ ანტიკორუფციული პროგრამის ხელმძღვანელის პოზიცია უკავია. ამ ვითარებაში, და ანტიკორუფციული სკანდალის გათვალისწინებით, საქართველოს ნდობა „რუსული კანონის“ შემოღების გზაზე დამდგარი ევროპარლამენტის მიმართ, უსამართლო და მიკერძოებული ბოლო სამი რეზოლუციის ფონზე - კიდევ უფრო დაქვეითებულია“, - წერს დავით ქართველიშვილი.