logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის აკადემიური ხარისხი მოიპოვა
- +

22 მარტი. 2023. 15:26

 

 

„კანცეროგენური რისკის კორელატების კომპლექსური კვლევა ზემო იმერეთის მაგალითზე“ - სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში ეკატერინე ტიკარაძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად საჯარო დაცვა გაიმართა.

 

სადისერტაციო ნაშრომის სახელწოდებით „კანცეროგენური რისკის კორელატების კომპლექსური კვლევა ზემო იმერეთის მაგალითზე“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად საჯარო დაცვას ხელმძღვანელობდნენ: ასოცირებული პროფესორი ლალი ბაქრაძე, პროფესორი თამარ სანიკიძე, სამეცნიერო კონსულტანტი - პროფესორი გიორგი ორმოცაძე.

 

სადისერტაციო ნაშრომისა და სამომავლო გეგმების შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ Pia.ge-სთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამეცნიერო საქმიანობას კვლავ გააგრძელებს.

 

„საკმაოდ დიდი ხანია, რაც ჩვენ დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა, ჯერ კიდევ იქამდე, სანამ მინისტრი გავხდებოდი, როდესაც საჩხერის საავადმყოფოში ვმუშაობდი. ვიკვლევდით მცირე რეგიონში, თემის დონეზე მოსახლეობის რისკებს სიმსივნური დაავადებების მიმართულებით. ამ ეტაპისთვის ძალიან საინტერესო შედეგები მივიღეთ და გამოვიკვლიეთ 3 სოფელი. ძირითადი სამუშაოები ჩავატარეთ, რის შედეგადაც ძალიან საინტერესო და ინფორმაციული სტატისტიკური მონაცემები გვქონდა. დავამუშავეთ ეს მონაცემები და ჩავატარეთ არაერთი ლაბორატორიული კვლევა ამ არჩეულ პოპულაციაზე. მიღებული შედეგებით, პრინციპში, მივედით დასკვნამდე, რომ ეს კვლევა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

 

დისერტაციის დაცვის მომენტში საბჭოსთან ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ მნიშვნელოვანი იქნება, უფრო გავაფართოოთ კვლევა და გავაგრძელოთ არა მხოლოდ სიმსივნური, არამედ სხვა ქრონიკული დაავადებების მიმართულებითაც და, რა თქმა უნდა, არეალიც შედარებით უნდა გავზარდოთ, რადგან მივიჩნევთ, რომ ეს პირველადი ჯანდაცვის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რაც აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზეც.

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის თანამდებობაზე ჩემთვის ძალიან საინტერესო წელი იყო, ვინაიდან, სფერო იყო ჩემთვის ახალი, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ განათლებაც ძალიან საინტერესო იყო, ამ ეტაპისთვის გადავწყვიტე, უფრო მეტად სამედიცინო მიმართულებით ვიმუშაო და დავბრუნდი საჩხერის საავადმყოფოში, სადაც გავაგრძელებ როგორც სამეცნიერო, ისე სხვა საკმაოდ საინტერესო პროექტებზე მუშაობას.

 

ამ ეტაპზე დამატებით ვარ სტუდენტი, ვსწავლობ მიუნხენში, ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში executive masters-ზე ფილოსოფიას, ეკონომიკასა და პოლიტიკას. პირველი სემესტრი უკვე დავხურე და წელიწად-ნახევარი კიდევ დამჭირდება იმისთვის, რომ ის გეგმები რაც მაქვს, ჩემი პირადი განვითარებისთვის ბოლომდე მივიყვანო“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner