"დასრულდა ჩემი შეხვედრა ბატონ ბორელთან. საკითხი ეხებოდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის იმ საკითხებს, რაც განხილვის საგანია - 12 რეკომენდაცია," - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უმაღლეს კომისარს ასევე ესაუბრა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.
„მე მქონდა შესაძლებლობა ბორელისთვის გამეზიარებინა ჩვენი ქვეყნის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები. მე მას გავუზიარე, რომ ახლახან მივიღეთ ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც პარლამენტში პოლიტიკური განხილვების ახალი ფაზა იქნება. მმართველი გუნდი შეეცდება პროცესი წარმართოს ინკლუზიურად. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს თვეებში საქართველოს ექნება შესაძლებლობა თქვას, რომ 12 რეკომენდაცია შესრულებულია და 12 პუნქტთან მიმართებაში საქართველომ თავისი ვალდებულებები შეასრულა. ვესაუბრე მიმდინარე მოვლენებზე საქართველოში. საქართველო, როგორც მომავალი წევრი და ქვეყანა, რომელიც ელოდება კანდიდატის სტატუსს, ყველა მიმართულებითა და განზომილებით ეს საკითხები მნიშვნელოვანია. მე მაქსიმალურად ვეცადე ბორელისთვის სიღრმისეულად გამეზიარებინა მიმდინარე მოვლენები, კანონპროექტთან მიმართებაში მიღებულო გადაწყვეტილება, რომელმაც მოიტანა ცალსახად დადებითი იმპულსი ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობებში. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში მხოლოდ პოზიტიურ პროცესებზე გვექნება საუბარი“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.