„სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიცია ძალიან დახელოვნდა მითების შეთხზვაში“, - ასე უპასუხა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ შეკითხვას, რას უპასუხებს პარლამენტიდან მმართველი პარტიის ოთხი წევრის წასვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს, რომ ამ დეპუტატებს უმრავლესობის რიგების დატოვება არ სურდათ და მათ მანდატებზე უარის თქმა გუნდმა აიძულა.
„ოპოზიცია ცდილობს, ახსნა მოუძებნოს და მითები შეთხზას იმასთან დაკავშირებით, რომ მათზე ზეწოლა იყო“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
მისი თქმით, ასევე ძალიან სწრაფად დაიმსხვრა ოპოზიციის მითი, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ კანონს იღებდა.
„ყველამ დაინახა, რომ იმავე კანონპროექტის ევროკავშირში ინიცირებაზეა საუბარი“, – განაცხადა სარჯველაძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრისას.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ოპოზიციის ტყუილებს ძალიან მოკლე ფეხები აქვს.
„პირდაპირ გეტყვით, რომ ატყუებენ ხალხს. მაგალითად, გუშინ სხდომაზე გააკეთა განცხადება ხათუნა სამნიძემ და თქვა, ამერიკული მოდელი ნიშნავს იმას, რომ იქ მხოლოდ მტრული სახელმწიფოები არიანო. ინტერნეტზე ყველას მარტივად მიგვიწვდება ხელი და შეგვიძლია, ვნახოთ, რომ FARA-ში, იმავე ვებგვერდის საშუალებით რეგისტრირებული არიან, მაგალითად, იაპონიის საელჩო, გერმანიის სახელმწიფო დაწესებულება, საფრანგეთის განვითარების სააგენტო, რომელიც სახელმწიფო დაწესებულებაა, უკრაინის მთავრობა და ა.შ და მტრული სახელმწიფოები არიან ესენი? ეს ხომ არ არის ასე და განა რამხელა ფეხი უნდა აღმოაჩნდეს ასეთ ნათქვამ ტყუილებს?! აბსურდია ეს. პირადად ჩემი და ჩემი ყველა კოლეგის სახელით, ვინც ამ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, ვამბობ, რომ არავითარ რუსულ საქმეზე საუბარი არ შეიძლება აქ. არ შეიძლება იმიტომ, რომ ეს სრულიად გააზრებულად იყო გაკეთებული, ნებისმიერი სახელმწიფოდან და მათ შორის, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებისგან თავდასაცავად“, – განაცხადა სარჯველაძემ.
შეკითხვაზე, დააზიანა თუ არა კანონპროექტის ნაჩქარევ რეჟიმში განხილვამ მმართველი გუნდი რეპუტაციულად, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ მართალია, გარკვეული მოკლევადიანი უხერხულობები შეიქმნა, მაგრამ გუნდი და ქვეყანა რეპუტაციულად არანაირად არ დაზიანებულა.
„ეს მოკლეპერიოდიანი, ასე ვთქვათ, გარკვეული უხერხულობები, რა თქმა უნდა, არსებობს და ამას ვერავინ გაექცევა. რომელიმე ევროპული სახელმწიფოს ოფიციალური პირები შეიძლება, დღეს თვლიდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ მოდელზე მორგებული რაღაც კანონის მიღებას აპირებდა, მაგრამ ეს ხომ მუდმივი ვერ იქნება? მათ შორის, ის ხალხი ხომ აანალიზებს, რომ იმავე თემაზე იყო საუბარი, რაზეც ახლა საუბრობს EPP ევროკავშირში და, რა თქმა უნდა, სავარაუდოა, რომ ევროკავშირში მიიღებენ ამ ინიციატივას“, – განაცხადა სარჯველაძემ.
კითხვაზე რას უკავშირდება ხელისუფლების ოპონენტთა პოზიციის შეცვლა, რაზეც მიხეილ სარჯველაძემ უპასუხა, რომ ოპოზიციაში დამკვიდრდა თათქარიძის სინდრომი და ის დამახასიათებელი გახდა ბევრი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის.
„ხომ გახსოვთ, ბოლოს როგორ არის? ან რას მოდიოდნენ, ან რას მიდიოდნენო, დაახლოებით, ასეთი ამბავია, ან რაზე აცხადებენ ბოიკოტს, ან რითი მიდიან უკან და მერე შემოდიან, გაუგებარია; უბრალოდ, თვითონაც ვერ ხვდებიან. დარეჯანი რომ ამბობს, ცუდად ჯდომას ცუდად შრომა ჯობიაო, დაახლოებით ეს სინდრომია“, – განაცხადა სარჯველაძემ.