„დღეს დამტკიცდა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეროვნული სტრატეგიის დიდი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, დოკუმენტი მრავალსექტორული ჩართულობით შეიმუშავა და მოიწონა საქართველოს მთავრობამ და დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა.
„სახელმწიფოს სწრაფვა ინსტიტუციური დემოკრატიისკენ, სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებებით თანაბრად სარგებლობის უზრუნველყოფა, თანასწორობის პოლიტიკის განმტკიცება და ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე ზრუნვა სახელმწიფო პოლიტიკის ის ფუნდამენტია, რომელსაც ეფუძნება ეს დოკუმენტი.
ამ სტრატეგიის დამტკიცებით საქართველოს მთავრობა და პარლამენტი ადასტურებენ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ვალდებულებისადმი სახელმწიფოს ერთგულებას, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემური და გრძელვადიანი პოლიტიკის თანამიმდევრულად და უწყვეტად წარმართვას”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.