„საინტერესო და ყოვლისმომცველი პრეზენტაცია იყო“, -ასე შეაფასა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პაატა კვიჟინაძემ ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ანგარიში, რომელიც მან მინისტრის საათის ფორმატში გააცნო დეპუტატებს და მოსახლეობას.
პაატა კვიჟინაძის თქმით, 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, რომელიც საქართველოს აქვს.
„ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი - 2,7%, მთავრობის ვალი - 40%-ზე ნაკლები, საერთო ინვესტიციები 18 მლრდ-ზე მეტი, ლარის კურსი - 2, 60-ზე ნაკლები. ფინანსთა მინისტრს არ უთქვამს, მაგრამ საერთაშორისო რეზერვები 4 მლრდ 700მლნ დოლარზე მეტია. როცა ამ მაჩვენებლებს ისმენ, ეს უკვე ამბობს ყველაფერს ეკონომიკაზეც და ფინანსთა სამინისტროზეც“,- განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
მან პანდემიის პერიოდში მსოფლიოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა გაიხსენა.
„ბიუჯეტი დეკემბერში იყო მიღებული და თებერვალში დაიწყო პანდემია, რასაც მოჰყვა ე.წ. ლოკდაუნები, ეკონომიკა ჩამოვარდა თითქმის 7 %-ით, რამაც გამოიწვია შემოსავლების შემცირებაც. მეორე მხრივ, გაიზარდა ხარჯები: ბიზნესის დახმარება ჯანდაცვის სისტემის ღონისძიებები და ა. შ. ამან გამოიწვია ის, რომ სახელმწიფოს მოუწია დიდი რაოდენობით ვალის აღება. მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით 60%-ზე ავიდა ვალები და ბიუჯეტის დეფიციტი, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში, 9 %-ს გასცდა და ამ ყველაფრის შემდეგ 2021 წელს მთავრობის და ფინანსთა სამინისტროს მუშაობით 10%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გავედით, ბიუჯეტის დეფიციტი 6%-ზე ჩამოვიდა და სახელმწიფო ვალი 50%-ს ჩამოსცდა, ხოლო 2022 წელს პანდემიის გავლენის კვალიც კი გაქრა. რაც იშვიათი შემთხვევაა მსოფლიოს მასშტაბით",- განაცხადა კვიჟინაძემ.