logo_geo
eng_logo
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე: ნატოს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი
- +

23 მარტი. 2023. 19:43

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ განაცხადა, რომ შეხვედრამ საშუალება მისცა მხარეებს განეხილათ საქართველოსთან ნატოს პარტნიორობის როლი და მნიშვნელობა.

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის მონაწილეობით ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა გაიმართა.

„განვიხილეთ საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობის როლი და მნიშვნელობა ტურბულენტური წლის შემდეგ, როდესაც რუსეთი სიტყვითა და საქმით გამოწვევას უქმნის ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას. გავცვალეთ მოსაზრებები საქართველოს რეფორმების მიმართულებისა და ტემპის შესახებ და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების მიმართულებით“, - აღნიშნა ნატოს მაღალჩინოსანმა.

მისი თქმით, ნატოს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა ალიანსისთვის, რაც ხაზგასმულია ნატოს სტრატეგიულ კონცეფციაში. ისინი ასევე მიესალმნენ საქართველოს წვლილს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში და ხაზი გაუსვეს ნატო-საქართველოს პარტნიორობას პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გზით, ნატო-საქართველოს გაძლიერებული არსებითი პაკეტის ფარგლებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„ნატოს მოკავშირეებმა აღნიშნეს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები მისი ამბიციური რეფორმების პროგრამასთან დაკავშირებით, მათ შორის „უცხოელი აგენტების“ კანონის გაწვევის ჩათვლით. მათ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას სრულად განახორციელოს შეთანხმებული რეფორმები, დაიცვას კანონის უზენაესობა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და შიდაპოლიტიკური პოლარიზაციის შედეგად წარმოქმნილი მუდმივი გამოწვევა დაძლიოს. მოკავშირეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს ნაბიჯები საკვანძოა საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობის დასაცავად, ქვეყნის მდგრადობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გასაძლიერებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner