logo_geo
eng_logo
პარიზში, სადავო საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართული აქცია პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა
- +

24 მარტი. 2023. 01:15

პარიზში, სადავო საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართული აქცია პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

საფრანგეთის შრომის გენერალური კონფედერაციის მონაცემებით, პარიზში საპროტესტო აქციაზე დაახლოებით 800 000 ადამიანი გამოვიდა.

22 მარტს, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა, რომელიც სადავო საპენსიო რეფორმის პარლამენტში კენჭისყრის გარეშე მიღებას მოჰყვა.

საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ „ბრბოს არ აქვს ლეგიტიმაცია იმ ხალხის მიმართ, ვინც საკუთარ აზრს არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით გამოხატავს“.

17 მარტს, საფრანგეთის მთავრობამ საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ სადავო კანონი ეროვნულ ასამბლეაში კენჭისყრის გარეშე მიიღო.

აღნიშნული კანონი უკიდურესად არაპოპულარულია ფრანგებს შორის. მან ქვეყნის მასშტაბით მასიური პროტესტი და გაფიცვები გამოიწვია. თუმცა, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი რეფორმაა ქვეყნის ეკონომიკისთვის.

სადავო რეფორმის მიხედვით, საფრანგეთში საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე უნდა გაიზარდოს, ხოლო ამისთვის საჭირო სამუშაო სტაჟი კი 41.5 წლიდან 43 წლამდე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner