logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: „ნაცმოძრაობის“ მიერ მართულ არხებზე გამოჩნდა სათაურები - „ქართული გაზაფხული“, „თბილისური გაზაფხული“, რაც ძალიან საშიში ტენდენციაა
- +

24 მარტი. 2023. 09:32

 

 

„დღემდე კეთდება დასავლეთიდან განცხადებები ამ კანონთან დაკავშირებით, როცა პარალელურად მიდის ლაპარაკი მსგავსი კანონის მიღებაზე ევროკავშირის დონეზე, ბრიტანეთს მიღებული აქვს თემთა პალატაში და ლორდთა პალატის დამტკიცებას ელოდება, ამერიკის, ავსტრალიისა და კანადის კანონებზე აღარ გავიმეორებ. ძალიან ბევრი ქვეყანა წავა ამ გზით, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამჭვირვალობისთვის, რაც გაძლევს საშუალებას, თავიდან აიცილო საფრთხეები: ეს შეიძლება იყოს კორუფცია, ეროვნული უსაფრთხოება და უამრავი სხვა რამ“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

 

მისივე თქმით, რადიკალური ძალები ცდილობენ, ქვეყანაში დესტაბილიზაციის გზით მიაღწიონ ძალაუფლების დაბრუნებას.

 

„დღეს ასეთი სათაურები და შეტყობინებები გამოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართულ არხებზე, რომ აი, „ქართული გაზაფხული“, „თბილისური გაზაფხული“, „ამის სუნი იგრძნეს ევროპელებმა“ (ყოველ შემთხვევაში იმათ, რომლებიც ამ არეულობას ხელს უწყობდნენ და „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებაზე ოცნებობენ) და „ისინი აღარ გაჩერდებიან“. საიდან მოდის სიტყვათა შეთანხმება „ქართული გაზაფხული“? აქ „არაბული გაზაფხულის“ ტერმინოლოგია გამოიყენეს. როდესაც „არაბული გაზაფხული“ ხდებოდა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველი ვიყავი და ძალიან ხშირად დავდიოდით ჟენევაში, სადაც ამ ყველაფერს ვსწავლობდით. ტუნისშიც ვარ ნამყოფი და ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რა ხდებოდა. კარგად მახსოვს, როგორი აღტაცებით საუბრობდნენ, რომ დაიწყო დემოკრატიული ცვლილებები არაბულ სამყაროში და ერთი წლის შემდეგ სრულიად საპირისპირო განწყობა იყო, როგორ დაინგრა ეს ქვეყნები... ლიბიასა და სირიაში რამდენი მსხვერპლი მოჰყვა, შედარებით უკეთესი ვითარებაა ტუნისსა და ეგვიპტეში, მაგრამ რამდენი ათეული წლით დაიხიეს უკან ეკონომიკურად... ეს უნდოდა „ნაცმოძრაობას“ და მასთან მიბმულ ქართულ რადიკალურ ოპოზიციურ ძალებს, მაგრამ არ გამოუვიდათ. კანონმა, რომელიც დავაინიცირეთ და რომელსაც თავიდან აღარ შემოვიტანთ, ორი კარგი საქმე გააკეთა: პირველი - მოხდა იმ ადამიანების ლუსტრაცია, ვისაც ამ კანონის მიღება არ უნდოდათ. როდესაც ოთხ ყველაზე მდიდარ „ენჯეოს“ აქვს წელიწადში გაცილებით უფრო მეტი დაფინანსება, ვიდრე ყველა პოლიტიკურ პარტიას ერთად აღებულს, უკვე ნათელია, რასთან გვაქვს საქმე. მეორე - პარტიებს აქვთ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და კანონის გვერდის ავლით იღებენ ფულს. მთავარი, რაც გამოჩნდა - როგორც ჩანს, იყო ძალიან სერიოზული მზადება საქართველოში რევოლუციური გადატრიალებისთვის. როდის მოხდებოდა ეს, ამის თქმა ძალიან ძნელია. შეიძლება, ამას უმიზნებდნენ შემოდგომაზე, როცა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა. ამისთვის ამზადებდნენ უკრაინაში მებრძოლი ქართველების ნაწილს, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ წევრები არიან - ყველა მებრძოლს არ ვგულისხმობ. ამ კანონპროექტმა გარკვეული ტრიგერის როლი შეასრულა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტიდან გაწვეული კანონპროექტების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი კვლავ ინიცირება აღარ იგეგმება.

 

„ჩვენ ამ კანონპროექტს აღარ დავაინიცირებთ, თუმცა, ძალიან ბევრი ქვეყანა წავა ამ გზით, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამჭვირვალობისთვის, რაც გაძლევს საშუალებას, თავიდან აიცილო საფრთხეები: ეს შეიძლება იყოს კორუფცია, ეროვნული უსაფრთხოება და უამრავი სხვა რამ“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

 

ის ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ნაკაიძე ამბობს, რომ მას სოზარ სუბარმა თურქეთის აგენტი უწოდა.

 

„ტარიელ ნაკაიძე არის მატყუარა, უღირსებო ადამიანი. სიტყვა თურქეთი არ მიხსენებია. ცოტა ხანში მიხვდა, ალბათ, რომ ვერ დაადასტურებდა ამას, ვინაიდან სიტყვა თურქი და თურქეთი საერთოდ არ მიხსენებია. ამიტომ მან და მისმა რამდენიმე თანაპარტიელმა ქალბატონმა დაიწყეს საუბარი, თითქოს იყო რელიგიური ხასიათის შუღლის გაღვივების მცდელობა, რაც აბსოლუტური ტყუილია. ეს ყოველივე ადასტურებს ამ ადამიანის არაკაცობას, ფლიდობასა და მატყუარობას. რომელ რელიგიურ შუღლზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა მე მასზე ვთქვი, რომ არის მატყუარა და ძალიან ცუდი ადამიანი. ის არ გამოხატავს მუსლიმი თემის ინტერესებს. შესაძლოა, მე გაცილებით მეტი მუსლიმი მეგობარი მყავდეს, ვიდრე მას და მე უდიდეს პატივს ვცემ მუსლიმანურ რელიგიას, ისევე, როგორც სხვა რელიგიებს, ის აჭარის მუსლიმური თემის ერთი ძალიან პატივსაცემი ნაწილის აზრს გამოხატავს, მაგრამ იგი არ არის ზოგადად მუსლიმური თემის აზრის გამომხატველი. მით უმეტეს, არცერთი სიტყვა მუსლიმურ თემთან დაკავშირებით არ მითქვამს და ახლა უბრალოდ ცდილობს, ამას შეაფაროს თავი, რადგან თვითონ თავს ვერ იმართლებს ვერანაირად თავისი არაკაცური გამონათქვამების გამო და ახლა ცდილობს, საკითხი ისე დააყენოს, რომ მას კი არ დაესხნენ თავს, არამედ რელიგიასა და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რაც ტყუილია. იგივე იქნება, მე რომ ვიღაცამ გამაკრიტიკოს და ვთქვა, რომ თავს დამესხნენ, რადგან ვარ ქრისტიანი, ან თავს დამესხნენ ჩემი კუთხური წარმომავლობის გამო. ეს ხომ აბსურდი იქნება და ასეთ რაღაცებს რომ აფარებს თავს, აქედანაც ჩანს მისი არაკაცური ბუნება. თუ მოღალატეობაზეა საუბარი, ტარიელ ნაკაიძე გიგა ბოკერიამ შეიყვანა პარლამენტში, მის გარეშე ამის შანსი არ ჰქონდა, მაგრამ როდესაც ბოკერიას პარტიამ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე, ნაკაიძემ მაშინვე უღალატა თანაგუნდელებს და დარჩა იმ ადგილზე, სადაც ახლაა. არ წარმოადგენს იმ პარტიას, რომელმაც გაიყვანა. თავად მას რომ ხალხის რამე ნდობა ჰქონდეს, გავიდოდა თავისით, გაიმარჯვებდა, როგორც მაჟორიტარი. ჩახედეთ, რამდენი პროცენტი მიიღო, როგორც მაჟორიტარმა და დაინახავთ, თუ რა ნდობას იმსახურებს იგი საზოგადოებისგან“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

მისივე თქმით, გარკვეული ძალები უკვე არა ფარულად, არამედ ღიად ებრძვიან ქვეყნის სუვერენიტეტს.

 

„როდესაც „ხალხის ძალა“ დაარსდა, ერთ-ერთ ტელევიზიაში ვთქვი, რომ ქვეყნის სუვერენიტეტისა და დემოკრატიისთვის უნდა გვებრძოლა. ოპოზიციური ტელეარხებიდან და ოპოზიციონერების ნაწილისგან კაკოფონია ატყდა - რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტი ან თვითონ პუტინი ახსენებს ხშირად სუვერენულ დემოკრატიასო. სუვერენული დემოკრატია შედგება ორი სიტყვისგან - სუვერენული და დემოკრატია. რადგან რუსეთში ამ სიტყვას იყენებენ, დემოკრატიის თქმაც უნდა აგვიკრძალონ? გამოჩნდა, რომ სუვერენიტეტი არის ის, რაც ყველაზე მეტად არ უნდათ ამ ადამიანებს და რასაც ყველაზე ადვილად თმობენ. გამოჩნდა, რომ თურმე ასკინკილაზე იდგებიან და ისე შევლენ ევროკავშირში, ოღონდ დიდმა უფროსმა უბრძანოთ. დღესაც, ქ-ნ თამარ ჩუგოშვილს ვუსმენდი ერთ-ერთ არხზე, სადაც თქვა - ჩვენი საგარეო პოლიტიკა ძალიან შეიცვალაო, ასეთი ტონით არ ელაპარაკებოდნენ მანამდე დასავლეთსო, ევროპასო. მონური ფსიქოლოგია გამოჩნდა - ნული სუვერენიტეტი. მართლა ასე იყო - კუბილიუსი თუ იტყოდა, მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი, ქართული ჟურნალისტიკა, არასამთავრობოებო ცალ ფეხზე დგებოდა - რა გვეშველება, თურმე კუბილიუსმა რაღაცაში გაგვაკრიტიკაო. ეს არ არის სუვერენიტეტი, ეს არ არის ევროპა, ეს არ არის ევროკავშირი. ორიოდე დღის წინ პოლონეთის პრემიერის, მორავეცკის განცხადება მოვისმინეთ - როგორ იქცევით, ეს რა არისო, ევროკავშირი დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოების ერთობაა, სადაც ნებით ერთიანდებიან და იბრძვიან თავიანთი უფლებების დასაცავად და არა ის ტექნოკრატიული უტოპია, სადაც ტექნოკრატები სხდებიან ევროპარლამენტში თუ ევროკომისიაში და დანარჩენებს უბრძანებენ, როგორ უნდა მოაწყონ ქვეყნის შიდა ცხოვრება და რა ღირებულებები უნდა ჰქონდეთო. ეს სიტყვათშეთანხმებაც იხმარა - „ევროპული ღირებულებების მათრახი“.  ხშირ შემთხვევაში - ფსევდო ღირებულებების, რომელსაც ურტყამენ იმათ, ვინც არ ემორჩილება ამ ტექნოკრატიულ წესებს. ევროკავშირი გვინდა ჩვენ სწორედ ისე, როგორც უნდა პოლონეთს, უნგრეთსა და ბევრ სხვა ქვეყანას, რომლებიც არიან იქ, მაგრამ იბრძვიან თავიანთი უფლებებისთვის. ეს არის ევროკავშირი და ასეთი ევროკავშირისკენ ვისწრაფვით“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner