logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: სამომავლო პერსპექტივაში ვერ გამორიცხავ მოვლენების იმგვარ განვითარებას, რომ თვითონ ევროპა მოექცეს რუსეთის გავლენის ქვეშ
- +

24 მარტი. 2023. 10:24

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე Facebook-ზე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და მის შემდგომ პროგნოზებს აფასებს და წერს, - „მსოფლიოში დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი რუსეთ-უკრაინის ომია, სურვილები და პროგნოზები კარგია, მაგრამ რეალობა დამშვიდებისა და სურვილების ასრულების სულ უფრო ნაკლებ შესაძლებლობას ტოვებს“.

 

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, 2024 წელს საქართველოსთვის სამი მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდება-საქართველის პარლამენტის, ევროპარლამენტის და აშშ-ს პრეზიდენტის, რაზეც უფლებადამცველი მოსალოდნელ ვერსიებს განიხილავს.

 

„მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ანალიზი და პროგნოზი

 

მსოფლიოში დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი რუსეთ-უკრაინის ომია, რომლის შესახებაც გვესმის ზელენსკის ყოველდღიური და მსოფლიო ლიდერების დღეგამოშვებითი პროგნოზები და სურვილები:

 

„რუსეთი მარცხდება!“

 

 „რუსეთი უნდა დამარცხდეს!“

 

სურვილები და პროგნოზები კარგია, მაგრამ რეალობა დამშვიდებისა და სურვილების ასრულების სულ უფრო ნაკლებ შესაძლებლობას ტოვებს.

 

სამწუხაროდ, რუსეთი უკრაინაში დღეს იმაზე 4-ჯერ მეტ ტერიტორიას ფლობს, ვიდრე ომის დაწყებამდე ფლობდა. თანაც აგრძელებს შეტევებს და ახალი ტერიტორიების დაპყრობებს.

 

მართალია, უკრაინისა და მსოფლიოს ლიდერები ბოლო თვეებია გვპირდებიან და გვარწმუნებენ, რომ უკრაინამ საგაზაფხულო შეტევა უნდა წამოიწყოს, მაგრამ გაზაფხულის პირველი თვე უკვე იწურება და ჯერ ამის ნიშნები არ ჩანს.

 

ამასობაში ჰააგის სასამართლოს მიერ პატიმრობა სანქციადადებული პუტინი ხვდება სი ძინ პინს.

 

ამერიკაში კოტრდება სამი უმსხვილესი ბანკი.

 

ერთი მხრივ კოვიდ პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა, ხოლო მეორეს მხრის რუსეთის საწინააღმდეგოდ ამოქმედებულმა ამერიკულ-ევროპულმა სანქციებმა სერიოზული ზიანი სწორედ მათ ავტორებს მიაყენა, განსაკუთრებით კი ევროპას, როგორც სავალუტო დევალვაციით ისე ფასების აწევით და ეკონომიკური ვარდნით.

 

დავუბრუნდეთ ჩვენს ქვეყანას. 2024 წელს ჩატარდება საქართველოსთვის სამი მნიშვნელოვანი არჩევნები - საქართველოს პარლამენტის, ევროპარლამენტის და აშშ-ის პრეზიდენტის.

 

შევეცადოთ შევაფასოთ მოსალოდნელი მოვლენები.

 

ნეოლიბერალური ძალების დისკრედიტაციისა და კონსერვატორების გაძლიერების ფონზე მოსალოდნელია ევროპარლამენტში ნაცების მთავარი მოკავშირის ევროპის სახალხო პარტიის (EPP) მარცხი და ასეთ შემთხვევაში ნაცებს და ნეოლიბერალებს საქართველოში მნიშვნელოვნად შეერყევათ პოზიციები.

 

ძნელია დარწმუნება იმაში, რომ მოსალოდნელ ცვლილებებს, ვერ ხედავდეს და გრძნობდეს ევროპარლამენტის დღევანდელი შემადგენლობა, რომლის უმრავლესობასაც სწორედ ლიბერალური ფრთა წარმოადგენს.

 

12 რეკომენდაციის შესრულების ვადის გადაწევაც სწორედ ამ შეგრძნებებითაა ნაკარნახევი. წლის ბოლომდე, მათ ნაციონალებსა და ქართველ ნეოლიბერალებს მისცეს ვადა, ქვეყნის შიგნით სიტუაციის არევისა და საქართველოს ხელისუფლების დამხობისათვის.

 

ეს ახსნა ასევე შეიძლება მიესადაგებოდეს 8-9 მარტს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს.

 

ოპოზიციამ ამ მოვლენას, კანონპროექტის წინააღმდეგ ჩატარებული მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარქვა. ქართველი ხალხი ტელევიზიების საშუალებით, უყურებდა „მშვიდობიან“ აქციაზე, „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენებით, ალმოდებულ პარლამენტს, მის დასაცავად მდგარ ალმოდებულ პოლიციელებს, რკინის კონსტრუქციებითა და ქვებით პარლამენტის შენობის მინების ჩამსხვრევებს. ქუჩებში მიმდინარე ვანდალიზმს, ქაშუეთის ტაძრის შებღალვას, პოლიციელებისა თუ კერძო მფლობელების აყირავებულ და ცეცხლმოკიდებულ მანქანებს და ა.შ.

 

არ არის გამორიცხული ოცნებიდან გადაბირებისა თუ გადაბარგების პროცესიც ამ პოლიტიკის ნაწილი იყოს.

 

გარედან ხელოვნურად ინსპირირებულს ჰგავს მარგველაშვილ-ზურაბიშვილის თუ კვირიკაშვილ-გახარიას დღევანდელი პოზიციები.

 

იმ ფონზე, როცა ევროპა და კანადა აინიცირებენ ფარას კანონს, საქართველოს ხელისუფლებას ეუბნებიან თქვენ, ეს არ უნდა გაბედოთ.

 

ევროპაში, ამერიკაში, კანადაში თუ ისრაელში ხელისუფლებამ უნდა გამოააშკარავოს და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არიან უცხოური გავლენის აგენტები. საქართველოს ამის უფლება არა აქვს.

 

ისინი გვეუბნებიან, ეს არის ჩვენი აგენტურა და თუ თქვენ გინდათ ევროპასთან ინტეგრირება, უნდა გინდოდეთ ჩვენი აგენტურა.

 

ეს იმას ნიშნავს, რომ პარტნიორები სულაც არ განგვიხილავენ პარტნიორებად.

 

მოკლედ, ასეთია ჩვენი პირობები. თუ გაწყობთ, შემოდით, თუ არადა, იდექით ღია კარში.

 

ამის პარალელურად კი მიდის მსოფლიოს გადანაწილებისა და ძალთა გადაადგილების პროცესი.

 

სანამ ჩვენ გავიძახით, „ჯოს ჯოს“, ჩინეთი და რუსეთი ქმნიან ახალ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცენტრს, რომლის შედეგადაც შესაძლოა თვით ევროპა, რომელიც დღეს აშშ-ის გავლენის სფეროშია, ხვალ რუსეთ-ჩინეთის გავლენის ქვეშ აღმოჩნდეს.

 

რა გამოდის მაშინ?

 

მართალია, უკრაინისა და მსოფლიოს ლიდერები გამორიცხავენ უკრაინის დამარცხებას ამ ომში, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობა აიძულებს ყველა პასუხისმგებლიან ხელისუფლებას, განჭვრიტოს მოვლენების განვითარების ეს ვარიანტიც.

 

თუ რუსეთმა შეინარჩუნა დღემდე დაპყრობილი უკრაინის ტერიტორიები, რომელიც 4-ჯერ აღემატება ომამდელისას, ეს იქნება არა მარტო უკრაინის, არამედ ამერიკა-ევროპის და ნატო-ს მარცხიც.

 

გულზე მჯიღის მცემელი „პატრიოტები“ აღშფოთდებიან, რას ლაპარაკობს ეს რუსეთუმე, როგორ შეაქვს ეჭვი რუსეთის დამარცხებაში და უკრაინის ძლევამოსილ გამარჯვებაშიო, სულ ახლახან, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაპატიმრების სანქცია გასცაო.

 

ასეთები არ ან ვერ ფიქრობენ იმაზე, რომ ეს არის მკვდრადშობილი, წინასწარ განწირული და აღუსრულებელი გადაწყვეტილება, რომელიც აზიანებს უფრო მეტად სასამართლოს იმიჯს, ვიდრე პუტინისას.

 

მას თუ ვერავინ დააკავებს, ხოლო რუსეთის მიერ ჰააგის 3 მოსამართლის და პროკურორის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში შესაძლებელი გახდება გაიტაცონ ისინი (ან რომელიმე მათგანი) და გაასამართლონ რუსეთში, ეს საბოლოოდ გაანულებს ჰააგის სასამართლოს ავტორიტეტს.

 

პროგნოზულად შეიძლება ითქვას, რომ ამერიკა მოახლოებული არჩევნებისა და გაკოტრებული ბანკების ფონზე, არამცთუ უკრაინის დახმარების გაძლიერებას, არამედ დღევანდელის შენარჩუნებასაც ძნელად შეძლებს, ევროპარლამენტს რუსეთის უფრო მეტად დასანქცირება და ანტირუსული რეზოლუციების მიღება გაუჭირდება, ვინაიდან ამის რესურსი ეწურება. მთელ რიგ ქვეყნებში საკმაოდ უარყოფითი განწყობებია უკრაინის დახმარების გამო ევროპისათვის მიყენებულ ზიანზე.

 

გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ რუსეთიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს ერთი შეხედვით რეალურს ხდის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას, თუმცა, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ კანდიდატობიდან პოტენციურ წევრობამდე შეიძლება ათწლეულებიც გავიდეს.

 

სამომავლო პერსპექტივაში ვერ გამორიცხავ, მოვლენების იმგვარ განვითარებას, რომ თვითონ ევროპა მოექცეს რუსეთის გავლენის ქვეშ. ხოლო შინ ევროპაში მიმავალი ქართველები, შინ რუსეთში არ აღმოვჩნდეთ.

 

ეს ყველაფერი, ვარაუდებია, მაგრამ ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი უნდა ითვალისწინებდეს მოვლენების განვითარების სხვადასხვა ვარიანტებს და გამოდიოდეს არა პირადი ან პარტიული, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან“, - წერს ნანა კაკაბაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner