„მადლობა ამ ინტერპელაციის ავტორებს, რომელთაც პრემიერ-მინისტრს მისცეს შესაძლებლობა, რომ საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ აეხსნა თუ რა ხიფათს გადარჩა ქვეყანა დღემდე, თუ რას ემსახურებოდა და როგორ უნდოდა გარკვეულ დესტრუქციულ ოპოზიციურ შენაერთებს, რომ ეს ქვეყანა ჩართული ყოფილიყო მეორე ფრონტის სახით“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს.
ირაკლი ზარქუამ საქართველოს წარმატებულ რეფორმებზე ისაუბრა და ამის დასტურად ევროპელი მეგობრების შეფასებები მოიყვანა.
„ჩამოვიდა ევროკომისარი და თქვა, რომ საქართველოს რეფორმებში აქვს დიდი წინსვლა. ავსტრიის კანცლერი ამბობს, რომ ჩვენ შევძელით ის, რაც ვერ შეძლო ევროპის ბევრმა სახელმწიფომ და ამ ლაბირინთებში ქვეყანას განსაცდელი ავარიდეთ, რომ ქვეყანა არ არის ომის ცეცხლში, არამედ არის მაღალი ეკონომიკური ზრდა. ამას ამბობენ ევროკავშირის ლიდერები, მაგრამ ეს არ მოგწონთ, რადგან თქვენ, რადიკალურ ოპოზიციას სხვა მიზანი გაქვთ. თქვენ გგონიათ, რომ ხელისუფლებაში მოხვალთ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო გადატრიალებას მოახდენთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და მოსახლეობის ეს სურვილი აისახა საქართველოს კონსტიტუციაშიც.
მისი თქმით, ის ევროპარლამენტარები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ფასიანი ლობისტები.
„მე მგონია, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარები ნამდვილად არ არიან ჩვენი ქვეყნის მეგობრები. ისინი არიან კონკრეტული პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ფასიანი ლობისტები და მე ვერ განვიხილავ ვერც მათ რეკომენდაციებს და არც იმ რეზოლუციას სადაც ჩაწერეს, რომ თურმე სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, მაშინ როდესაც ის მთელ რიგ დანაშაულშია ეჭვმიტანილი და დადასტურებული. მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ევროპული სასამართლოს მიერ გირგვლიანის საქმეზე მისჯილი აქვს თურმე არის პოლიტიკური პატიმარი. ჩვენთვის ეს არ არის ევროპა. ჩვენთვის ევროპა არის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება და ახლა კარგი შესაძლებლობა აქვს ევროპას, რომ ეს შეცდომა და კანდიდატის სტატუსი დამსახურებულად, ღირსეულად მიანიჭოს საქართველოს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.