„მინდა ჩვენი ქვეყნის შიდა მტრებს და გარე მტრებს ვუთხრა: ჩვენ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით, ძალიან კარგად ვიცით მათი გეგმების შესახებ. მათი ამოცანების, მათი მოქმედებების შესახებ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო სამსახურები არის მოწოდების სიმაღლეზე.
„ახლა რაც შეეხება, რატომ მოვიყვანე, რატომ მოვყევი ეს ყველაფერი, რატომ შევახსენე ჩვენს საზოგადოებას ამის თაობაზე. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, კოლეგებო. ეს ყველაფერი არ იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო უსაფრთხოება. რომ არ ყოფილიყო ქვეყანაში მშვიდობა. რომ არ ყოფილიყო სტაბილურობა და რომ განხორციელებულიყო ასეთი ბინძური შეთქმულება, რომელიც ჩვენმა ქვეყნის შიდა მტრებმა, დიახაც, მეხუთე კოლონამ შეიმუშავა. უკრაინიზაციის გეგმა ვახსენე და ამის თაობაზეც ფართოდ ვისაუბრეთ მეც და პარტიის თავმჯდომარემ. ეს არის რეალური საფრთხე, რომელიც ჩვენ, ჩვენმა გუნდმა, ხელისუფლებამ ავაცილეთ ჩვენს ქვეყანას. მაგრამ რა თქმა უნდა, საფრთხე არ არის მოხსნილი. ამიტომ, მე მინდა ჩვენი ქვეყნის შიდა მტრებს და გარე მტრებს ვუთხრა: ჩვენ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით, ძალიან კარგად ვიცით მათი გეგმების შესახებ. მათი ამოცანების, მათი მოქმედებების შესახებ. სახელმწიფო სამსახურები არის მოწოდების სიმაღლეზე. მე მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. თქვენ ნახეთ, რომ სულ რაღაც ორ წელიწადში, უფრო ნაკლებ პერიოდში, ოთხი მცდელობა იყო ქვეყნის დესტაბილიზაციის და ქვეყნის ომში ჩართვის. ეს არის კონკრეტული ფაქტები, რომელიც მე მოვიყვანე და რომელიც მე შევახსენე ჩვენს დესტრუქციულ ოპოზიციას. მათგან რაც მოვისმინეთ, მოვისმინეთ ტყუილი, ტყუილი და ტყუილი. ეს არის მათი ხელწერა. ცრუ დემაგოგია, სიცრუე და ყოველგვარი უსაფუძვლო ბრალდებები და თავდასხმები, პიროვნული შეურაცხყოფები. მე რა თქმა უნდა არ ვაპირებ მათ გამოვეხმაურო, მითუმეტეს, დარბაზში არ ბრძანდებიან და ასეთი პატივი მივაგო მათ, რომ პასუხები ჩავაბარო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.