„დღესაც წარმოებს პირდაპირი აგიტაცია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, ამას არც მალავენ. ჩასული იყვნენ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები და პირდაპირ აწარმოებდნენ აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ,“ - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენდნენ.
მისი თქმით, მსგავსი ქმედებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რადიკალური ოპოზიცია არა ქართველი ხალხის და საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, არამედ უცხო ინტერესებით მოქმედებს.
ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებაში როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის ჩართულობის ხარისხზე და განმარტა, რომ თუ გადავხედავთ, რამდენი პუნქტის შესრულებაში მიიღეს მონაწილეობა ხელისუფლების ოპონენტებმა, ნათლად გამოჩნდება, ვინ რა ინტერესით მოქმედებს.
„12 პუნქტში მონაწილეობას რაც შეეხება, შეგვიძლია ამოვიღოთ თითოეული კანონპროექტი, თითოეული გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო 12 პუნქტიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტმა და ვნახოთ, რომელი პარტია რამდენი გადაწყვეტილების მიღებაში იყო ჩართული, მით უმეტეს, იმის გადაწყვეტილებით, რომ თითოეულ პუნქტთან მიმართებით, არსებითი ცვლილებები განხორციელდა ნებისმიერ სფეროში სადაც დავამტკიცეთ კონკრეტული რეფორმები - ეს იქნება საარჩევნო რეფორმა, რეგლამენტის რეფორმა, გენდერული თანასწორობა თუ სხვა უამრავი საკითხი. ყველა სფეროში განხორციელდა ფუნდამენტური ცვლილებები და რამდენ პუნქტში მიიღო მონაწილეობა რადიკალურმა ოპოზიციამ, შეგვიძლია ამოვიღოთ შესაბამისი ამონაწერები და ძალიან კარგად ვნახავთ, ვის უნდა 12 პუნქტის შესრულება და ვის არ უნდა, ვინ მონაწილეობს ამაში და ვინ არ მონაწილეობს და საბოლოო ჯამში, ვინ რა ინტერესებით მოქმედებს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.