logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი: საქართველოს პარტნიორების სრული მხარდაჭერა აქვს ყველა იმ ძალისხმევაში, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციას ემსახურება
- +

24 მარტი. 2023. 19:32

 

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს მეგობრების სრული მხარდაჭერა და გამოხატული მზაობა დაეხმარონ ჩვენს ქვეყანას ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში შემდგომი წარმატებების მიღწევასა და არსებული გამოწვევების მშვიდობიანად დაძლევაში.

მე დღეს დილით დავბრუნდი ბრიუსელიდან, სადაც გავმართე მაღალი დონის შეხვედრები, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში. ამ წუთებშიც საქართველოში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი. ის, რომ ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის - გერმანიის პირველი დიპლომატი სტუმრობს საქართველოს ევროპისთვის და მსოფლიოსთვის ამ ურთულეს დროს, გახლავთ ჩვენი ქვეყნისადმი გერმანიის მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება და იმის დემონსტრირება, რომ საქართველო რჩება ევროპის სანდო და საიმედო პარტნიორად რეგიონში“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

მისი თქმით, ისტორიული მნიშვნელობის იყო ასევე გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივნის ჯეიმს კლევერლის ვიზიტი საქართველოში, რომელიც პირველია 2016 წლის შემდგომ და რომელიც სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიულ თანამშრომლობას.

მინისტრის განცხადებით, როგორც ბრიუსელში, ისე თბილისში მკაფიოდ გაჟღერდა საქართველოს პარტნიორებისა და მეგობრების მხარდამჭერი განცხადებები. თავად ის ფაქტი, რომ ბრიუსელში, ევროკავშირის შუალედურ ზეპირ შეფასებამდე შედგა მაღალი დონის ვიზიტი, იძლევა იმედს, რომ ანგარიშში პოზიტიურად აისახება საქართველოს მიერ გაწეული არსებითი ძალისხმევა. ასევე მნიშვნელოვანი იყო ვილნიუსის სამიტამდე ნატო-საქართველოს კომისიის გამართვა და ყველა იმ გზავნილის განხილვა, რომელთა გაჟღერება ვილნიუსის სამიტზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დარჩიაშვილის შეფასებით, ასევე განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია თვის დასაწყისში მისი ვიზიტი შვედეთის სამეფოში, ევროკავშირის საბჭოში შვედეთის თავმჯდომარეობიდან გამომდინარე.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ის გეოპოლიტიკური კონტექსტი, რომელშიც დღეს საერთაშორისო თანამეგობრობა იმყოფება, ურთულესი გამოწვევების წინაშე აყენებს საქართველოსაც. „მერწმუნეთ, რომ პარტნიორები სრულად აცნობიერებენ იმ სირთულეებს, რომელთა წინაშეც საქართველო დგას და ასევე სათანადოდ აფასებენ ჩვენი ქვეყნის ძალისხმევას ყველა იმ საგარეო პოლიტიკური მიზნისათუ ამოცანის მისაღწევად, რომლის პირობაც ქართველ ხალხს მივეცით“ - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებისა და ენერგო რესურსების წყაროების დივერსიფიცირების კონტექსტში, საქართველო, ისევე როგორც მთლიანად რეგიონი, დღეს დასავლეთის გაორმაგებული დაინტერესების საგანია. ახალი სატრანზიტო ფუნქციის სწორად გამოყენების შემთხვევაში კი, საქართველოს უჩნდება უნიკალური პერსპექტივა გახდეს ევროპის მნიშვნელოვანი პარტნიორი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner