ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი შეშფოთებულია საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მომიტინგეების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენებით და საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, პატივი სცეს პროტესტის უფლებას.
„ადგილი ჰქონდა ძალადობრივ ინციდენტებს, რომელთაგან ზოგიერთი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ იყო მიმართული. თუმცა, ზოგიერთი მომიტინგეების მხრიდან სპორადული ძალადობრივი ქმედებები ან სხვა ბოროტმოქმედება პროტესტის დროს ვერ გაამართლებს სახელმწიფო აგენტების მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას. არც ეს ქმედებებია საკმარისი იმისათვის, რომ მშვიდობიან მომიტინგეებს ჩამოერთვას შეკრების თავისუფლების უფლება“, - ნათქვამია განცხადებაში.
22 მარტს, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა, რომელიც სადავო საპენსიო რეფორმის პარლამენტში კენჭისყრის გარეშე მიღებას მოჰყვა.
საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ „ბრბოს არ აქვს ლეგიტიმაცია იმ ხალხის მიმართ, ვინც საკუთარ აზრს არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით გამოხატავს“.
17 მარტს, საფრანგეთის მთავრობამ საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ სადავო კანონი ეროვნულ ასამბლეაში კენჭისყრის გარეშე მიიღო.
აღნიშნული კანონი უკიდურესად არაპოპულარულია ფრანგებს შორის. მან ქვეყნის მასშტაბით მასიური პროტესტი და გაფიცვები გამოიწვია. თუმცა, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი რეფორმაა ქვეყნის ეკონომიკისთვის.
სადავო რეფორმის მიხედვით, საფრანგეთში საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე უნდა გაიზარდოს, ხოლო ამისთვის საჭირო სამუშაო სტაჟი კი 41.5 წლიდან 43 წლამდე.