„პრემიერ-მინისტრმა გააკეთა მთავარი აქცენტები და კიდევ ერთხელ ჩამოაყალიბა ის ამოცანები, რომელიც აქვს ჩვენს ხელისუფლებას და რომელსაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუთმობთ ჩვენს მოწინააღმდეგეებს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ეს არის საქართველოს უსაფრთხოება, მშვიდობიანი განვითარება, ეკონომიკური ზრდა, კეთილდღეობა და, რაც მთავარია, პოლიტიკაში დემოკრატიული წესებით თამაში, და არა საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით, პარლამენტისთვის „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლით და ცესკოზე ძალადობრივი შეტევით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს კითხვები 9 დეპუტატმა გაუგზავნა, რომლებიც თავდაცვასა და უსაფრთხოებას ეხებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლების მიღწევებზე და ამ მიღწევების პარალელურად, ოპოზიციის ქმედებებზეც ისაუბრა. საპარლამენტო ტრიბუნიდან მთავრობის მეთაურის მთავარი გზავნილი ასეთი იყო: „ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა წააგეს, ხელისუფლების მთავარი საზრუნავი სახელმწიფოს გადარჩენაა“.