ამერიკის შეერთებულ შტატებში განცხადება გაკეთდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გეგმებთან დაკავშირებით - ბელარუსში განათავსოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი. როგორც Reuters წერს, აშშ-ის გამოხმაურება „ფრთხილია“. თეთრი სახლის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ რუსეთსა და ბელარუსს შორის ეს საკითხი ჯერ კიდევ გასულ წელს იქნა განხილული და ამ დროისთვის, არ არსებობს არანაირი მინიშნება იმაზე, რომ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებდეს.
„ჩვენ ვერ ვხედავთ ვერც ერთ მიზეზს საიმისოდ, რომ ჩვენი საკუთარი სტრატეგიული ბირთვული პოზიციის კორექტირება მოვახდინოთ. არ არის არანაირი მინიშნება, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებდეს. ჩვენ ვრჩებით NATO-ს ალიანსის კოლექტიური თავდაცვის ერთგული“, - აცხადებს თანამდებობის პირი.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ.
„3 აპრილიდან ვიწყებთ ეკიპაჟების წვრთნას. 1 ივლისს კი ვასრულებთ ტაქტიკური ბირთვული იარაღის სპეციალური საწყობის მშენებლობას ბელარუსის ტერიტორიაზე“, - განაცხადა პუტინმა.