logo_geo
eng_logo
ლევან იზორია: ქალბატონი ხიდაშელი ჯარისკაცების უსაფრთხოებით უნდა იყოს დაინტერესებული და არა ჩემი კრიტიკით!
- +

31 აგვისტო. 2016. 22:28


 

„გამოძიების შედეგად, მყვინთავ-მებრძოლთა კურსის ორგანიზება-დაგეგმვის კუთხით, სერიოზული ხარვეზები გამოიკვეთა," - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ გადაცემა 2030-ში.


"უსაფრთხოების დაცვის პროცედურები მთელი ამ წლების განმავლობაში დამტკიცებული არ არის. გამოიკვეთა ასევე გარკვეული დანაშაულის ნიშნები უშუალოდ წვრთნების განხორციელების პროცესში. არსებობს გარკვეული ბრძანებები. თუმცა, ამ ბრძანებებით გათვალისწინებული პირობებიც დარღვეულ იქნა. ამ ყველაფრის შეფასებას პროკურატურა გააკეთებს", - განაცხადა იზორიამ.


მისი თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, კონკრეტული ნორმები გაწეროს,რათა თითოეული ადამიანის სიცოცხლე დაცული იყოს.


"აქამდე, ეს პროცედურები გაწერილი არ იყო. ჩვენ მისი მოძიება ვერ შევძელით, რადგან ფიზიკურად არ არსებობს. ჩემი ერთადერთი ინტერესი ისაა, რომ მომავალში უსაფრთხოების ზომები იმდენად იყოს დაცული, რომ ჯარისკაცების ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკის ქვეშ არ დადგეს. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა მსგავსი წვრთნა დროებით შეჩერდეს, განხორციელდეს მონიტორინგი და წვრთნები მაქსიმალურად გაწერილი პროცედურებით ჩატარდეს", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.


როგორც მან აღნიშნა, თინათინ ხიდაშელი, ისევე როგორც ყველა, ჯარისკაცების უსაფრთხოებით უნდა იყოს დაინტერესებული და არა თავდაცვის მინისტრის კრიტიკით.


"თინათინ ხიდაშელი, ისევე როგორც ყველა, ჯარისკაცების უსაფრთხოებით უნდა იყოს დაინტერესებული და არა ჩემი კრიტიკით. ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ყველას გვაქვს. ამ დიდი ოჯახის წევრების ვალდებულებაა, ეს საკითხი პოლიტიკური კინკლაობის თემად კი არ ვაქციოთ, არამედ ერთმანეთს მოსაზრებები გავუზიაროთ და თუ ხარვეზი გვაქვს, ერთმანეთს მისი გამოსწორება მოვთხოვოთ. მე არსად არ მითქვამს ჯარისკაცების მასობრივ დანაშაულზე. ვთქვი, რომ სერიოზული დანაშაული იკვეთება. როცა ჯარისკაცის უსაფრთხოებაზეა საუბარი, ამას საზოგადოებას ყოველთვის ღიად ვეტყვი", - განაცხადა ლევან იზორიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner