ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
დღეს გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა.
მწერალი ხომ უნაღდესი გახლდათ, კაცი -კიდევ უფრო დიდი; მეგობარი - უღალატო; ზნეობის და თავმდაბლობის ეტალონი - მთაწმინდაზე რომ ანდერძით უარი თქვა და განსასვენებელ ადგილად შვილის გვერდით ყოფნა აირჩია.
და ამ სურვილმა კიდევ უფრო აამაღლა, უფრო მასშტაბური გახადა მისი პიროვნება, რომელიც ცხოვრობდა და ცოცხლობდა ისეთივე სულისკვეთებით, როგორც წერდა და იყვნენ მისი ლიტერატურული გმირები.
ზუსტად ასე, შესაშური თავმდაბლობით და მორიდებულად ცხოვრობს მისი მეუღლე, ქალბატონი ნათელა, მთელი მისი საახლობლო.
აუუუ, როგორ დიამეტრულად განსხვავდებიან ისინი მავანთაგან - ბაზრის მდედრთა მსგავსი ყრანტალითა და წივილ-კივილით „გასახალხოებულ და ამაღლებულ შემოქმედთა“ ნაშიერების სკანდალური ცხოვრების სტილისგან.
დიახ, მას არასოდეს უბრძოლია, პაწია ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს პრესტიჟული პრემიების მოსაპოვებლად, მთავრობის ჯილდოებისთვის, წოდებებისთვის, მწერალთა კავშირის მდივნობისთვის თუ სხვა რაიმე თანამდებობისთვის, ჟურნალების რედაქტორობისთვის, დეპუტატობისთვის, ცეკას წევრობისთვის, რომელიმე ყრილობის დელეგატობისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ მისი მეგობრები, თანასკოლელი თუ თანაკურსელები ერთობ გავლენიანი პერსონები იყვნენ ყველა დროში, მას არასოდეს „ჩაუწყვია“ არცერთი საქმე, რომელიც შეიძლებოდა სასიკეთოდ შეხებოდა მისი ოჯახის ყოფით მხარეს. ის კრისტალი იყო! უკიდეგანო ღირსებით სავსე!
ჩვენ დოჩანას - თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ და მართლა სახალხო მწერალს გურამ დოჩანაშვილს გაუმარჯოს ზეციურ საქართველოში!