არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე მიხეილ სააკაშვილისთვის ნორვეგიის „კონსერვატიული პარტიის“ მიერ ჯილდოს გადაცემას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„კაკაბაძე ნორვეგიის კონსერვატიულ პარტიას წერილით მიმართავს და მსჯავრდებული პრეზიდენტისთვის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში ჯილდოს მინიჭებას ქართველი ხალხის შეურაცხყოფად აფასებს. იგი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩადენილ სხვადასხვა გახმაურებულ
დანაშაულებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ნორვეგიის ელჩს საკუთარი ქვეყნისთვის უნდა ეცნობებინა, რომ სააკაშვილი რამდენიმე საქმეზე უკვე მსჯავრდებულია და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ის ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაულის ხელშემწყობად დაასახელა. "ნორვეგიის კონსერვატიულ პარტიას! ჩვენი ორგანიზაცია შეშფოთებულია იმ გადაწყვეტილებით, რომელიც თქვენმა პარტიამ მიიღო საქართველოში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევებისა და კორუფციისთვის მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა სისტემური დამრღვევის, დაჯილდოვება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისათვის ჩვენ აღვიქვით, როგორც გაუგონარი ცინიზმი და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. ეს არის სააკაშვილის ლობისტების დიდი წარმატება იმ უსამართლო ამოცანის მიღწევის გზაზე, რასაც მისი პატიმრობიდან დახსნის მცდელიბა ჰქვია.
მთავარი ის კი არ არის, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ერთმა კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო და არა რომელიმე სოლიდურმა და ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, არამედ ის, რომ ანტიდემოკრატიული, ავტორიტარული და ადამიანის უფლებების სისტემური დამრღვევი რეჟიმის შემქმნელი, თუნდაც ერთმა გაუთვითცნობიერებელმა თუ კორუმპირებულმა ჯგუფმა გამოაცხადა ადამიანის უფლებათა დამცველად. საქართველოში სააკაშვილს დღესაც ჰყავს მომხრეები და მიმდევრები, ისევე, როგორც მაგალითად, პინოჩეტს ჩილეში ან სხვა ქვეყნის რომელიმე დიქტატორს თავის ქვეყანაში, თუმცა ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ საკუთარ ტანზე გადაიტანა მისი 9-წლიანი მმართველობის საშინელებები და კარგად ახსოვს ყველაფერი. კერძოდ, ის, რომ მისი მმართველობის დროს სააკაშვილი იყო: ადამიანთა მკვლელობების, წამების, ჩაგვრა-დამცირების, პატივისა და ღირსების შემლახავი, არაადამიანური კრიმინალური სისტემის, „ნულოვანი ტოლერანტობის“, ესროლეთ, მოკალით, გაანადგურეთ, ხელი არ აგიკანკალდეთ მოწოდებების ავტორი და ბრძანებების გამცემი.
სააკაშვილი კრიმინალებთან ბრძოლის ეგიდით, ახალისებდა ქუჩებში ახალგაზრდების და პოლიტიკური ოპონენტების დახვრეტას, მშვიდობიანი აქციების მონაწილეთა დარბევა-დასისხლიანებას და გვამების შენობების სახურავებზე შემოწყობას. ის პირადად აფარებდა ხელს და აჯილდოებდა მკვლელი სისტემის ერთგულ მსახურებს და აწინაურებდა მათ. სააკაშვილმა თავად აღიარა, რომ პირადად გასცა აფრასიძეების ოჯახის ჩაცხრილვის ბრძანება. სააკაშვილთან ყველაზე დაახლოებულმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სატელევიზიო ეთერით საჯაროდ დასდო ბრალი სააკაშვილს მისი პოლიტიკური ოპონენტის ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთაში. სააკაშვილმა დააფარა ხელი ახალგაზრდა ბანკირის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დამკვეთებს და შემსრულებლებს. წინასწარი შეთანხმებით შეპირდა, რომ შეკვეთილი მკვლელობის შემსრულებლებს დაპატიმრებიდან მოკლე ხანში შეიწყალებდა, რაც განახორციელა კიდეც.(იხ.სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება-ს.გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ) სააკაშვილმა დაუკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის მკვლელობა, რომელიც სიკვდილის პირას მიყვანამდე სცემეს და ის შემთხვევით გადარჩა. სისტემის მიერ პროვოცირებული ე. წ. ციხის ბუნტის დროს, სააკაშვილმა მოუწოდა სამართალდამცავებს, ტყვიები არ დანანებოდათ პატიმრების დასახოცად.
სააკაშვილმა თავისი მეგობარი, მკვლელი რეჟიმის ხერხემალი და შსს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც თავის ქვეშევრდომებისაგან ორი პოლიტიკური ოპონენტის გვამის მიტანას მოითხოვდა, დასჯის ნაცვლად პრემიერმინისტრად დააწინაურა. სააკაშვილის მიერ შექმნილი ანტიდემოკრატიული რეჟიმის ტიპიური ნიშანი იყო მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მონოპოლიზაცია ხელისუფლების მიერ, დევნა თავისუფალი სიტყვისთვის, უკანონო დაპატიმრებების შედეგად კერძო საკუთრების ხელყოფა და ბიზნესმენების იძულება, რომ საკუთარი ქონება სახელმწიფოსთვის ეჩუქებინათ „ნებაყოფლობით“. სააკაშვილის მმართველობის 9-წლიან პერიოდში საქართველო გახდა ლიდერი მსოფლიოში 100 ათას მოსახლეზე პატიმართა რაოდენობით, ხოლო საპატიმროებში პატიმართა მდგომარეობის და იქ შექმნილი არაადამიანური პირობების (წამება და არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობა) ასევე თითით საჩვენებელი იყო მსოფლიოს პენიტენციურ სისტემებს შორის. ამიტომ მიიღო ქართული საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა სააკაშვილის დაჯილდოება ცინიზმად, შეურაცხყოფად და სახეში შეფურთხებად ჯილდოს გამცემთა მხრიდან.
და როდესაც საქართველოში ნორვეგიის ელჩი ჰელენ სანდ ანდერსენი აცხადებს, რომ ამის შესახებ არაფერი გაუგია, ბუნებრივია, რომ ამ პოზიციასაც აღშფოთებით ხვდება ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი. მართალია, ელჩი წარმოადგენს ნორვეგიის სახელმწიფოს და არ არის ვალდებული რომელიმე პარტიის გადაწყვეტილებებზე პასუხი გასცეს, მაგრამ როდესაც იმ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, სადაც გყავს წარმომადგენელი, შენს ქვეყანასთან რაიმე კავშირს ეხება საქმე, ელჩი ვალდებულია, რომ თუნდაც ინფორმაციის დონეზე მოიკითხოს მსგავსი გადაწყვეტილება და არ გაიგოს ეს ქართველი ჟურნალისტებისგან. ბოლოს და ბოლოს იმის შესახებ მაინც უნდა აცნობოს საკუთარ ქვეყანას, რომ სააკაშვილს რამდენიმე საქმეზე უკვე დაედო მსჯავრი, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ პირადად ის დაასახელა ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაულის ხელშემწყობად და რომ ასეთი ადამიანისათვის უფლედაცვით საქმიანობის სფეროში რაიმე ჯილდოს მინიჭება ქართველი ხალხის უმრავლესობისთვის იქნებოდა ცინიკური და შეურაცხმყოფელი გადაწყვეტილება,“ - წერს ნანა კაკაბაძე.