logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: სალომე ზურაბიშვილი საკითხების შეფასებისას ორმაგ სტანდარტს იყენებს - არაფერს ამბობს ნათია ბერიძეზე, რომელიც კეზერაშვილის ცოლის ძმის მსხვერპლი გახდა, თუმცა ჟურნალისტების მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებას გმობს
- +

28 მარტი. 2023. 21:48

"სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილიც საკითხების შეფასებისას ორმაგ სტანდარტს იყენებს. თუ დავაკვირდებით, ყველა პოლიტიკურ მოვლენას მყისიერად ეხმაურება ხოლმე, მით უფრო, თუ ეს ოპოზიციური სპექტრისთვის სახარბიელო და საჭირო თემებია, რომლებზეც პოლიტიკურად მიკერძოებული რეაგირება აქვს," - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამთა მეგრელიშვილმა, „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ტელეკომპანია „პოსტივის“ წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს.

„პოსტივი“ უკვე წლებია დგას მართალი სიტყვის სადარაჯოზე. ამ პერიოდში ის ანგარიშგასაწევი ძალა გახდა და, ვფიქრობ, სწორედ ამიტომ მიდის მასზე დაგეგმილი თავდასხმა. რაც შეეხება უშუალოდ ჟურნალისტებს, სამართლებრივად თუ შევაფასებთ, მათზე თავდასხმა სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით ისჯება, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით. ასევე ადამიანის ცემა, დაზიანება, ან ძალადობა, რომელიც იწვევს ტკივილს, ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით და ისიც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით. ესე იგი, ეს არის დასჯადი ქმედება, მაგრამ ამ ხალხმა ვერ გაიგო, რომ კანონი არის ყველასთვის ერთნაირი დავალება და არ შეიძლება, შერჩევითი პრინციპი გააჩნდეს თვითონ სამართალწარმოებას.

თუ, ვთქვათ, ნათია ბერიძის მიმართ განხორციელებული ქმედება არ არის დასჯადი, მაშინ რატომ არის დასჯადი „TV პირველის“ ჟურნალისტის, ქალბატონი გოგელიას მიმართ ჩადენილი ქმედება? ამ დროს რაც გოგელიამ გააკეთა, იყო პირდაპირი ძალადობა რესპონდენტზე, რადგან ჟურნალისტიკაში არსებობს ეთიკის ნორმები, რომლებიც ჟურნალისტმა არ უნდა დაარღვიოს პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს. ეს, რა თქმა უნდა, კანონმდებლობით არის დაცული და ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში უფრო მეტი დაცვითი მექანიზმი არსებობს იმისთვის, რომ ჟურნალისტიც დაცული იყოს და, ამავდროულად, ჟურნალისტმა არ დაარღვიოს რესპონდენტის უფლებამოსილებები, მაგრამ საქართველოში რატომღაც ყველაფერი სხვაგვარად აღიქმება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის შერჩევითი პოლიტიკა, ანუ პოლიტიკური ნიშნით ყოფენ ადამიანებს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მომხრეებად. ეს ადამიანები აბსოლუტურად აღარ ცნობენ პროფესიულ ეთიკურ იმ მნიშვნელოვან დანაწესებს, რომლებიც პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში მათ უნდა გამოიყენონ. ამიტომ ვამბობ, რომ როგორც ქალი, რა თქმა უნდა, ვგმობ ქალებზე ძალადობას, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მცდელობებს ნებისმიერ შემთხვევაში, ნატო გოგელია იქნება თუ ნათია ბერიძე, მაგრამ ჩვენ უნდა დავინახოთ, რა კონკრეტულ შემთხვევებში რასთან გვქონდა საქმე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კანონი ყველასთვის ერთნაირი დავალებაა და მოდით, ნუ იქნებით პოლიტიკურად ანგაჟირებულნი და მიკერძოებულნი. დაე, ყველაფერს სათანადო სახელი დაერქვას.

სამწუხაროდ, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილიც საკითხების შეფასებისას ორმაგ სტანდარტს იყენებს. თუ დავაკვირდებით, ყველა პოლიტიკურ მოვლენას მყისიერად ეხმაურება ხოლმე, მით უფრო, თუ ეს ოპოზიციური სპექტრისთვის სახარბიელო და საჭირო თემებია, რომლებზეც პოლიტიკურად მიკერძოებული რეაგირება აქვს. პრეზიდენტი ვალდებულია, რომ ნეიტრალური ფიგურა იყოს. აქედან გამომდინარე, ძალიან მძიმეა ის ფაქტი, რომ „პოსტივის“ ჟურნალისტ ნათია ბერიძისთვის დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ დაზიანების მიყენებას პრეზიდენტი არ გამოეხმაურა იმ ფონზე, რომ ამ უკანასკნელის სახლთან ჟურნალისტების კანონიერი დგომა დაგმო. ამას სიმძიმეს სძენს ისიც, რომ უფლებები ქალის მიმართ დაირღვა.

ნათია ბერიძე პირდაპირი მნიშვნელობით დიმიტრი ჩიქოვანის მსხვერპლი გახდა - დიმიტრი ჩიქოვანმა მას სცემა, თანაც ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების პროცესში. დიმიტრი ჩიქოვანს არავინ არსად არ შევარდნია, მისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, უბრალოდ, ნათია ბერიძე ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა, რა დროსაც ყველა საჭირო ზომა მიიღო, რაც იმ მომენტში უნდა მიეღო ყველა ნორმალურ ადამიანს. არ აქვს მნიშვნელობა, ჟურნალისტი იქნებოდა თუ სხვა პროფესიის წარმომადგენელი. აქედან გამომდინარე, რაც დიმიტრი ჩიქოვანმა გააკეთა, ეს არის ნათია ბერიძეზე პირდაპირი შურისძიება. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს და დიდი იმედი მაქვს, რომ შესაბამისი ორგანოები ამ საკითხს გამოიძიებენ, როგორც საჭიროა ისე, და რეაგირება ექნებათ.

სალომე ზურაბიშვილი, როგორც ქალი, სულ მცირე, ამიტომ უნდა ყოფილიყო მეტად გულისხმიერი თავის შეფასებებში. მას პოლიტიკურად არ უნდა აწყობდეს მიკერძოებულის სტატუსი, რომელიც უკვე დიდი ხანია, აქვს. ამის ჩამორეცხვა თუ სურს, დაე, იყოს უფრო მიუკერძოებელი, უფრო ნეიტრალური შეფასებებში და დაგვანახოს, თუ ჩვენი მხარე ცდება რამეში. თქვას, რომ მისი პოზიცია ასეთია, მაგრამ შეიძლება გადაიხედოს. მაგრამ როცა მივლინებებით ჩვენს „დაუძინებელ მეგობრებს“ ხვდება და დაბრუნებულს ის ნარატივი და მესიჯბოქსი ჩამოაქვს, რომელსაც ისინი აძლევენ და არა ის, რაც ჩვენი ქართული სახელმწიფოსთვის არის საჭირო, ნიშნავს, რომ პოლიტიკური დავალებების შემსრულებელია. ბოლოს განვითარებულ მოვლენებშიც ეს ჩანს, რომ მან არანაირი ქალური სოლიდარობაც კი არ გამოიჩინა ნათია ბერიძისა და სხვა ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც სუფთა პოლიტიკური ნიშნით არიან „ბულინგის“ მსხვერპლნი.“ - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ თათია სამხარაძის მიმართ შესაძლო თავისუფლების აღკვეთასა და ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო.

პარალელურად, ჩიქოვანი POSTV-ის ჟურნალისტ ნათია ბერიძეს უჩივის, ტელევიზია კი პრეზიდენტს სუბიექტურობაში ადანაშაულებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner