ბრიტანული და ამერიკული პასპორტები მსოფლიოში ყველაზე ძლიერ პასპორტებად ითვლებოდა, თუმცა, იმიგრაციისა და მოქალაქეობის ბრიტანული კომპანია Henley & Partners-ის მონაცემებით, სიტუაცია შეიცვალა.
Henley & Partners-ის სავიზო შეზღუდვების ინდექსის მიხედვით, პლანეტის უძლიერეს პასპორტს ამჟამად გერმანელები ფლობენ - მათ მსოფლიოს 177 ქვეყანაში შეუძლიათ ვიზის გარეშე შესვლა.
მოქალაქეთა უვიზოდ მიმოსვლის თვალსაზრისით, ინდექსმა 199 ქვეყნის რანჟირება მოახდინა. კომპანიამ გამოიყენა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემები. ეს ორგანიზაცია მოგზაურობის ინფორმაციის უმსხვილეს ბაზას ფლობს.
მეორე ადგილზეა შვედეთი; ამ ქვეყნის მოქალაქეებს მსოფლიოს 176 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ შესვლა. მესამე ადგილზე მოდიან გაერთიანებული სამეფო, ფინეთი, საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი, რომელთა მოქალაქეებსაც ვიზა არ სჭირდებათ 175 ქვეყანაში გასამგზავრებლად.
2015 წლის შემდეგ, მეორედან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა აშშ-მა, რომელსაც ბელგიასთან, დანიასთან და ნიდერლანდებთან ერთად, 174 სახელმწიფოსთან აქვს უვიზო მიმოსვლა.
რაც შეეხება ყველაზე სუსტ პასპორტებს, ამ მხრივ ავღანეთი ლიდერობს, რომლის მოქალაქეებსაც უვიზოდ შესვლის უფლება მხოლოდ 25 ქვეყანაში აქვთ, შემდეგ მოდის პაკისტანი - 29 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლით და ერაყი 30 ქვეყანასთან.
ბელარუსთან, გამბიასთან, ყაზახეთთან, მალავისთან და სვაზილენდთან ერთად, სიაში 71-ე ადგილი დაიკავა საქართველომ. ამ ქვეყნების პასპორტის მფლობელებს უვიზოდ შეუძლიათ შევიდნენ მსოფლიოს 67 ქვეყანაში.
აზერბაიჯანს უვიზო მიმოსვლა აქვს 62 ქვეყანასთან, სომხეთს კი 57-თან.
წყარო: 1tv.ge