logo_geo
eng_logo
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი
- +

28 მარტი. 2023. 23:04

 

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტი „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა. საკითხი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს და იგი კომიტეტის წევრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა წარუდგინა.

„ამ ცვლილებების ძირითადი არსი არის ის, რომ 2019 წლის შემდეგ, როცა კანონი ძალაში შევიდა, მან პრაქტიკაში რეალურად გვიჩვენა, რომ გარკვეული საკითხები იყო დასაზუსტებელი. ეს განსაკუთრებით ეხებოდა უშუალოდ წყლის მიწოდების საკითხებს სხვა ფართო სპექტრზე, გარდა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციებისა. საკითხი ასევე ეხებოდა თვითონ ხელშეკრულებების დადების თემას და აღსრულებას, მარეგულირებელი საბჭოს საქმიანობას. ამ პრინციპების გათვალისწინებით, ვიმუშავეთ პარლამენტთან, კომიტეტთან, უშუალოდ მარეგულირებელთან, მელიორაციის სამსახურთან და შედეგად ძირითად პრინციპებზე შევთანხმდით,“ - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

კომიტეტის წევრებს ცალკეული მუხლების მიმართ შენიშვნები არ ჰქონდათ.

როგორც სხდომის წამყვანმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გელა სამხარაულმა განაცხადა, ამ საკითხზე მუშაობა დიდხანს გრძელდებოდა და ცვლილებებზე ყველა შეჯერებულია.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner