„ვუყურებ ქართულ ოპოზიციურ სპექტრს, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ტრაგედიას ასახავს. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ომის დროს, ქართველი მებრძოლების სიცოცხლის ფასად გამდიდრებული ადამიანია, მეორე - მევახშე, რომელიც კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას ქველმოქმედებად ასაღებს, ე.წ. ერთპროცენტიანებში კი რუსეთიდან დაფინანსებული ადამიანები არიან. მიუხედავად ოპოზიციაში არსებული კონტრასტისა, მათ ერთი რამ, არა სამშობლოს სიყვარული, არამედ სამშობლოს სიძულვილი აერთიანებთ!“ - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“, რეკომენდაციების შესასრულებლად ყველაფერს აკეთებს, ოპოზიცია კი ბოიკოტის რეჟიმშია.
„არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში შექმნილი რთული მდგომარეობა, საქართველოს მუდმივი რყევის რეჟიმში ამყოფებს, ამას შიდა მტრების (ოპოზიციის) უპასუხისმგებლო ქმედებები ემატება, რომლებიც არა საკუთარი ამომრჩევლის, არამედ უცხო ქვეყნის, ინტერესების გამტარებლები არიან. ევროპულმა საბჭომ, ევროკავშირში საქართველოდ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2023 წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს, პროცესის წარმატებით დასრულება დიდწილად, 12 რეკომენდაციის შესრულებაზე არის დამოკიდებული. „ქართული ოცნება“, რეკომენდაციების შესასრულებლად ყველაფერს აკეთებს, ოპოზიცია კი ბოიკოტის რეჟიმშია. ევროკავშირის წევრობა არა კონკრეტული პარტიის, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქის გამარჯვებაა, ოპოზიციისთვის კი ევროკავშირის წევრობა პირად მარცხად აღიქმება, სწორედ აღნიშნულის გამო, სამუშაო პროცესში შეგნებულად არ ერთვებიან.
პირველი რეკომენდაცია დეპოლარიზებაა, რომლის შესრულებაში ოპოზიციას და პოზიციას ზუსტად ერთნაირი როლი აქვს, მაგრამ ოპოზიცია რევოლუციურ სცენარზე უარს ვერ ამბობს, რაც პოლარიზაციას კიდევ უფრო ამძაფრებს. რამდენიმე დღის წინ ხაზარაძეს სიმართლე წამოსცდა, ოპოზიციის ნაწილი ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოსო. საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ოპოზიციას კი საკუთარი შთამომავლების წინაშე შერცხვება, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვან დროს მოღალატეობრივი გზა აირჩია“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.