logo_geo
eng_logo
„როგორც გაირკვა, გაფუჭებული ხორცის თუ თევზეულის დამუშავება „მარგანცოვკით“ ხდება- რითი იკვებება საზოგადოება?
- +

1 სექტემბერი. 2016. 01:02



ქათამი, ბარკლები, თევზი რომ მადისაღმძვრელია, მოდი, ამაზე ნუღარ ვიდავებთ. თუმცა, რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს თითოეული მათგანი, ეს ცოტა ჩვენგანმა თუ იცის. ათასი ნიუსი მაინც წაგვიკითხავს, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია იგივე ქათმის ბარკლებს, მაგრამ ეს უკანასკნელი ჩვენ სუფრაზე განსაკუთრებულ ადგილს მაინც იკავებს. აგერ, სულ ერთი კვირაა, რაც ახალი წელი უკან მოვიტოვეთ და დარწმუნებული ვარ ამ პროდუქტების გემო ჯერ კიდევ შენარჩუნებული გაქვთ. მაგრამ აქ მეორე რეალობას დაგახვედრებთ. რეალობას, რომელიც ქართული სამომხმარებლო ბაზრის ტკივილად იქცა. ექსპერტი სურსათის უვნებლობის საკითხებში გია ბურჯანაძე ასეთ განმარტებას გვაძლევს: „საქართველო გახდა გაფუჭებული, საკვებად უვარგისი პროდუქტის რეალიზების ბაზარი". მოდი, ერთად გავარკვიოთ რას მივირთმევთ და საზიანოა თუ არა მადისაღმძვრელი პროდუქტები ჩვენი სიცოცხლისათვის.


დავიწყოთ ქათმით და ქათმის ბარკლებით. ერთი შეხედვით გემრიელი პროდუქტები, რომლებიც თითქოს ხორცის გარდა სხვა ნივთიერებას არ უნდა შეიცავდეს, კარგი სატყუარაა. როგორც ექსპერტები ამბობენ, ქათმის ბარკლები შეიცავენ ქალის ჰორმონებს, რომლებიც მამაკაცის ჯანმრთელობაზე და მათ პოტენციაზე ცუდად მოქმედებს.


გია ბურჯანაძე: „არ არსებობს მსოფლიოში მეფრინველეობის ფაბრიკა, სადაც არ გამოიყენება ჰორმონი. რაც საშუალებას აძლევს ფრინველს დაახლოებით 40-დან 50 დღემდე მივიდეს ზრდასრულ კონდიციამდე, რომ დაახლოებით 3-4 კილოგრამი დატოვოს. ამ ჰორმონების გამოყენება მასობრივად ხდება. რეალურად, ქიმიური დანამატების გარეშე ამ წონამდე მიყვანა მოკლე დროში შეუძლებელია. ანტიბიოტიკები და ჰორმონები, რომელიც გამოიყენება მასობრივად იმ მომხარებლის ორგანიზმში ილექება, რომელიც ამ პროდუქტს მოიხმარს. თითოეული ადამიანი წლის განმავლობაში დაახლეობით 70-80 ფრთა ფრინველს მოიხმარს. ამიტომ, კალკულაციიდან გამომდინარე, ჩვენს ორგანიზმს ძალიან დიდი ზარალი ადგება, რომელიც შემდგომ ონკოლოგიური დაავადებების ცენტრში გადაგვამისამართებს ხოლმე. მარტო საქართველოში არ არის ეს. საქართველოს მსგავს ქვეყნებში ანალოგიური პრობლემები პირველ ადგილზე დგას. მე მივმართავ მთავრობას, აუცილებლად დაინტერესდეს იმ იმპორტირებული პროდუქტით, რომელიც დღეს საქართველოში შემოედინება. შემოედინება ისეთი ხარისხის, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაში განადგურებას ექვემდებარება. ამაზე მარტო გია ბურჯანაძე არ საუბრობს. თუმცა, სამწუხაროდ, ბევრი მათგანი კულუარულ საუბრებს არის მიჯაჭვული".


რაც შეეხება ქალის ჰორმონების შემცველობას, ეს დასტურდება. თუმცა როგორც გია ბურჯანაძე ამბობს, ეს ყველა იმპორტულ ქათმის ხორცში ასეა, თუმცა საჭიროა უფრო მეტი კვლევა და ნორმის დადგენა.



გია ბურჯანაძე:

იმპორტული ქათმის ხორცის უმეტესობა სპეციალურ ჰორმონებს შეიცავს. მათ შორის, ქალის ჰორმონებსაც. თუმცა, ეს დამატებითი კვლევის საგანია და ნორმების დადგენაა საჭირო. ეს ჰორმონები გამოყენებულია ქათმის სასურველ წონამდე მისაყვანად".


ხშირ შემთხვევაში, მაგალითად, გემრიელი ბარკლის ძირი, რომელიც ასე უყვარს ჩვენი ოჯახის წევრებს რეინკარნირებულია. რას ნიშნავს ეს? - ხორცი, რომელიც არ იყიდება და დისტრიბუციას უკან უბრუნდება, ბერკეტის ფუნქციას იძენს და უკან, იგივე დახლზე ბრუნდება. თუმცა, გარკვეული „პლასტიკური ოპერაციების" შედეგად.


გია ბურჯანაძე:

რეალურად ხდება გაფუჭებული ხორცის გაღვიძება, სასაქონლო ფორმაში მოყვანა. ამ პროდუქტების ქიმიური შემადგენლობები ეს არის ქლორი, ხსნარები, რომლებიც გასაყიდ იერს შესძენს გაფუჭებულ პროდუქტს. ეს ეხება ქათმის ბარკალს, ქათამს, ნემისმიერ ხორცპროდუქტს. ამ ყველაფრით ხდება მისი გაახალგაზრდავება".


„პრაიმტაიმი" მომხმარებლების უფლებების დაცვისა და კონტროლის ცენტრის დირექტორს გურანდა წიქარიძეს დაუკავშირდა. მისი დახმარებით ჩვენ მოვიპოვეთ, სურსათის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის მანძილზე ჩატარებული კვლევების შედეგები. სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ სათანადო წესით აღებული და ლაბორატორიულად გამოკვლეულია საქართველოში იმპორტირებული გაყინული ქათმისა და ქათმის მექანიკურად განცალკევებული გაყინული ხორცის (MDM) 64 ნიმუში. 22 ნიმუშში აღმოჩნდა პათოგენური მიკროორგანიზმები, კერძოდ Salmonella აღმოჩნდა 19 ნიმუშში, ხოლო Listeria monocytogenes - 3 ნიმუშში.


მნიშვნელოვანია, რომ ორივე მიკროორგანიზმი საშიშია ჩვენი სიცოცხლისთვის.


კონკრეტულად, სალმონელა არის ბაქტერიების ნაირსახეობა, რომელიც ადამიანის ან ცხოველების ნაწლავებში იბუდებს. სალმონელას ორი სახეობა (S.typhi და S.paratyphi) სპეციალიზებულია მხოლოდ ადამიანებზე და იწვევს საკმაოდ მძიმე დაავადებებს - მუცლის ტიფსა და პარატიფს; სალმონელას რამდენიმე სახეობა ბუდობს მხოლოდ ცხოველებში და ადამიანზე საერთოდ არ გადადის. სალმონელას სხვა სახეობები კი (20-ზე მეტი), რომელიც კონკრეტულ „პატრონზე" სპეციალიზებული არ არის, ადამიანებში კუჭ-ნაწლავის შედარებით მსუბუქ დაავადებას - სალმონელოზს იწვევს. დაავადება იწყება დაბინძურებული პროდუქტის მიღებიდან 12-24 საათში და გრძელდება 2-7 დღე. ახასიათებს კუჭის აშლილობა, პირღებინება, მუცლის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა. სიკვდილიანობის მაჩვენებელია 1-2%. სალმონელით დაავადების ყველაზე ხშირი წყაროა კვერცხი და ქათმის ხორცი. ბაქტერია აგრეთვე შეიძლება იყოს სხვა ხორცში, ნედლ რძეში, არაპასტერიზებულ წვენებში, გაღვივებულ თესლებში.


რაც შეეხება, ლისტერიას, ეს არის ჩხირისმაგვარი ბაქტერია Listeria monocytogenes, რომელიც ადამიანის ორგანიზმში დიდი ოდენობით მოხვედრის შემთხვევაში იწვევს დაავადება ლისტერიოზს. ინფექცია გადადის ლისტერიის შემცველი სურსათის მოხმარებით ან ავადმყოფთან შეხებით. ლისტერია იღუპება 65ºC ტემპერატურაზე, სურსათის გაცხელების შედეგად, თუმცა, შესაძლებელია მეორეული დაბინძურება (ბაქტერიის გადასვლა პროდუქტზე სხვა პროდუქტებთან კონტაქტის შედეგად). მარილი ამ ბაქტერიას არ კლავს, მაცივარში კი ის მრავლდება კიდეც. ბაქტერია ცხოვრობს ნიადაგში, წყალში, ცხოველებსა და მცენარეებზე. შესაძლოა, დააბინძუროს ნებისმიერი პროდუქტი. დაავადების გავრცელების წყარო ყველაზე ხშირად არის ცივად შებოლილი თევზი ან ხორცი, რბილი ყველი ან უმი ბოსტნეული. ადამიანთა დაავადება საკმაოდ იშვიათია. რისკის ჯგუფია ფეხმძიმეები, ახალშობილები, მოხუცები და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები. დაავადების გამოვლინება ვარირებს გულისრევა-პირღებინება-კუჭაშლილობიდან მენინგიტამდე. საკმაოდ მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 2011 წელს ევროკავშირში ლისტერიოზით დაავადდა 1470 ადამიანი, მათგან 12% გარდაიცვალა.


როგორც ხედავთ, საქმე საკმაოდ მძიმე დაავადებებთან გვაქვს, ამიტომ სიფრთხილე აუცილებლად გვმართებს. ახლა კი, რაც შეეხება თევზეულს. განსაკუთრებით საშიშია შებოლილი თევზი სკუმბრია, რომელიც ქართულ ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია.


გია ბურჯანაძე:

შებოლილი სკუმრბიის დაახლოებით 70% არ შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა საკვებად. შემოწმდეს თევზი და სავალალო შედეგი დადებული იქნება. საერთოდ, შეგძულდებათ შებოლილი თევზის ჭამა. არაერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა შებოლილი თევზის წარმოებაზე, რომელიც კუსტარულად ბლომად მოიპოვება ბაზარზე. თანაც ეს თევზი საკმაოდ მოთხოვნადია. სპეციფიკური გემო, რომელიც მას აქვს, მალავს ცუდ მხარეებს".


ამასთან, როგორც გაირკვა, სამომხმარებლო ბაზარზე დიდი ხნის წინ გამქრალი „მარგანცოვკის" მეშვეობით ხდება ხორცის თუ თევზეულის დამუშავება და მისი ხელახლა დახლებზე გატანა.


გია ბურჯანაძე:

„მარგანცოვკით" ხდება იგივე თევზის, ქათმის ბარკლების, ქათმების დამუშავება, მისთვის ფერის მიცემა. ამ სითხეს იყენებენ საქართველოში. ეს, ბუნებრივია, მავნებელია ჯანმრთელობისთვის. ჩვენ, დღეს რომ გვიდევს გაყინული თევზი და ვყიდულობთ აგრარულ ბაზარში, არც ერთი საყინულე დახლმაცივარში არ დევს, რადგან თითქმის ყველა გამორთულია. მხოლოდ ჩვენი მისვლის დროს, ექსპერიმენტებისას თუ რთავენ ხოლმე. გაყინული პროდუქტის ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის პირობებში მისი რეალიზაცია იწვევს მეორე, მესამე დღეს მისი განადგურების ავტომატურ მოთხოვნას. მაგრამ, მეწარმე, რა თქმა უნდა, არ გაანადგურებს საკუთარ პროდუქტს. ამიტომ ხდება მეორე ეტაპი, ხელახლა გაყინვა და ამას თავის სიმპოტმები აქვს, იგივე სისხლის გამონაჟონები და ასე შემდეგ. მცოდნემ შეიძლება გააკეთო ანალიზი, მაგრამ უცოდინარი მაინც იყიდის. რისი თქმა მინდა, 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ ხდება ამა თუ იმ პროდუქტის გაყინვა. არადა, გაყინვა მხოლოდ ერთხელაა ნებადართული და მერე ის უნდა გაანადგურო. როგორც წესი, სპეციალური ხსნარებით ხდება პროდუქტის გაახალგზარდავება. ეს ხსნარები კი ქლორსაც შეიცავს და ყველამ იცის, თუ რისი გამოწვევა შეუძლია ამ ნივთიერებას".


ანტიკორუფციული კავშირის თავჯდომარის გია ბურჯანაძის თქმით, საქართველო გაფუჭებული პროდუქტების გასაღების ბაზრადაა ქცეული და ჩვენთან შემოსულ პროდუქტსა და ევროპულ პროდუქტს შორის განსხვავება, საგრძნობია.


გია ბურჯანაძე:

საქართველო გახდა გაფუჭებული, საკვებად უვარგისი პროდუქტის რეალიზების ბაზარი, რომლიდანაც კორუმპირებული ადამიანები ჯიბეებს ივსებენ. ჩვენ, საქმე გვაქვს მასობრივ კორუფციულ გარიგებებთან და სწორედ ამიტომ, კანონმდებელი აღარ ასრულებს საკუთარ მოვალეობას და ხდება იმპოტენტი პარლამენტარი. ამ გაგებიდან გამომდინარე. ის არის იმპოტენტი, კანონმდებლობაზე მოურგებელი. არაფრის გამკეთებლები არ არიან. სამწუხაროა, რომ დღეს სხვა ქვეყნების ექსპერიმენტების საგნად რჩება ქართველი ერი. ვიღაცა, არა ტანკით და არა ხმლებით გვერჩის, არამედ დღეს, ქართველი ერის ამოსახოცად, ბიოლოგიური ბრძოლაა გამოცხადებული".


როგორც მივხვდით, ქართული ბაზარი ჯერჯერობით სავსეა „გაფუჭებული" პროდუქტებით. მომხარებელსაც უწევს არსებულის შეძენა, რადგან ჯერჯერობით კარგი ალტერნატივა არ არსებობს და თუ არსებობს, ის საკმაოდ ძვირია. სწორედ ამიტომ, გია ბურჯანაძე მარტივ გამოსავალს გვთავაზობს.


გია ბურჯანაძე:

ჩვენი ექსპერტები გვთავაზობენ ასეთ რაღაცას. რა უნდა მოვიმოქმედოთ გადასარჩენად? აი, პასუხი ასეთია. პროფილაქტიკის მიზნით პირველი ნახარშით მიღებული ბულიონი უნდა გადაასხა და არ გამოიყენო. შემდეგ მეორე ნახარშისგან გამოღებული წვენით შეიძლება ბულიონი გააკეთო და მიაწოდო ბავშვებს".


თევზეული და ქათმის პროდუქტები მხოლოდ მცირე ნაწილია იმ პროდუქტებისა, რომელთა მირთმევა ჯანმრთელობისთვის საშიშია. „პრაიმტაიმი" კვლავ გააგრძელებს დაკვირვებას და შემდეგ ნომრებშიც სპეციალური კვლევის შედეგებს მოგაწოდებთ. ასე რომ, ჯერჯერობით, რეინკარნინებული პროდუქტები ჩვენი სუფრის ნაწილია.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner