„საზოგადოების ინფორმირებულობის ვალდებულების გამო, კიდევ ერთხელ ვწერ ფრანკლინის კლუბზე, რომელსაც არც ფრანკლინთან და არც დემოკრატიასთან კავშირი არ აქვს. საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფრანკლინის კლუბის შექმნა ამერიკულ უნივერსიტეტს უკავშირდება, რეალურად ფრანკლინის კლუბის შექმნა სოროსელ ლევან რამიშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირდება, რომლებმაც ახალგაზრდების აზრის ფორმირების მიზნით, ერთი შეხედვით აპოლიტიკური ორგანიზაცია შექმნეს, ორგანიზაცია თავის იდეოლოგიაში „ნაცების“ ხაზის გამტარებელია,“ - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ფრანკლინის კლუბის სპიკერთა დიდ ნაწილს ჭაღარა და ცბიერება შემატებული ყოფილი „კმარელები“ წარმოადგენენ:
„რამდენიმე ათეული წლის წინ, საქართველოში მომხდარ რევოლუციაში დიდი როლი შეასრულა ლევან რამიშვილის პროექტმა „კმარამ“. დღეს რამიშვილი ცდილობს იგივე გზა გაიაროს, ფრანკლინის კლუბი რეალურად „კმარას“ რეინკარნაციაა, რომელიც მზად არის რევოლუციური სცენარის გაცოცხლებისთვის და მასში ახალგაზრდების ჩართვისთვის. როგორც იტყვიან, კოკა წყალს ყოველთვის არ მოიტანს, ეს რამიშვილმა კარგად უნდა იცოდეს. ფრანკლინის კლუბის დეკლარირებული მიზნები, რა თქმა უნდა, რეალური მიზნებისგან განსხვავდება, ფორმალურად მათი მიზნები განათლების გადაცემას გულისხმობს, რეალურად კი ისინი, ადვილად მანიპულირებად ჯგუფებთან მუშაობით, ახალგაზრდების აზროვნების ფორმირებას ახდენენ, ისე რომ ახალგაზრდები ამის შესახებ ვერ ხვდებიან. 2003 წლისგან განსხვავებით, დღეს საზოგადოება გაზრდილია, გააზრებული აქვს წარსულის გამოცდილება და ქვეყანას ხელში ნორჩ ლენინელებს (ფრანკლინის კლუბის სახით) არ ჩაუგდებენ. გადახედეთ ფრანკლინის კლუბის სპიკერებს და მათ რეალურ მიზნებს დაინახავთ, სპიკერთა დიდ ნაწილს ჭაღარა და ცბიერება შემატებული ყოფილი „კმარელები“ წარმოადგენენ,“ - წერს ჩიხელიძე.